• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი: დაკავებული მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია

ქუთაისში 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ, მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად იხსენებს. ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღიარებს თუ არა ბრალს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი ჯერჯერობით არ საუბრობს.

"ის არის მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაში. გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს. ამ დეტალების დაზუსტების მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება აღიარების საკითხს, თვითინკრიმინირებასთან დაკავშირებით მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, არ დავარღვევ მის უფლებებს და თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. დეტალები გაირკვევა საქმის მსვლელობის განმავლობაში. სიმართლის დადგენის სურვილი და ინტერესი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც აქვს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ესმა ნორაკიამ.

შეგახსენებთ, რომ ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა იმ ბინის მცხოვრებლებიც დააკავეს, სადაც 18 ივლისს მკვლელობა მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები :