• თბილისი
  • °C
  • 07 მარტი, 2021
article

გიგი წერეთელი: რუსეთის პატრიარქის განცხადებები სრულიად გაუგებარია...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის ხელისუფლებას ქართველი მეფეების - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის სამშობლოში გადასვენების თხოვნით მიმართა. უწმინდესის განცხადებით, მეფეებს სურვილი ჰქონდათ, რომ სამშობლოში დაკრძალულიყვნენ და მათ ანდერძი დატოვეს. ილია მეორის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, რუსულ მხარეს უკვე ყველა აუცილებელი დოკუმენტი გადაეცა და აღნიშნული საკითხი განხილვის სტადიაშია. ვიდრე რუსეთის პატრიარქი და ხელისუფლება ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხს განიხილავენ, მოსკოვში უწმინდესის ვიზიტის მნიშვნელობაზე, ქართველი კანონმდებლები საუბრობენ.

როგორც პრესა.ჯი- პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხის გარდა, პატრიარქის მხრიდან, ისეთ თემებზეც იქნებოდა საუბარი, რომელიც ქართული სახელმწიფოს პოზიციას ასახავს.

წერეთლის შეფასებით, საქართველოში ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, ის თემები უფრო პრიორიტეტული იქნებოდა, რომელზეც უწმინდესი ილია მეორე რუსეთის ხელისუფლებასთან და პატრიარქ კირილე მეორესთან ისაუბრებდა.

“მთავარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ოკუპაციასთან დაკავშირებით,  რუსეთმა თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ვფიქრობ, ეს სწრაფად არ მოხდება, მაგრამ ვნახავთ, უწმინდესის ვიზიტს ამ მხრივ, რა შედეგი მოჰყვება, თუმცა, ამ გადმოსახედიდან რომ ვთქვა, რუსეთის ხელისუფლებას ვერანაირ ცვლილებას ვერ ვატყობ. მართალია, მოკლე პერიოდია და ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ვერ აისახებოდა, მაგრამ ძნელი სათქმელია, რომ ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის ხედვა შეიცვლება”, - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, ქართველი კანონმდებელი რუსეთის პატრიარქის დამოკიდებულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთში ილია მეორის მაღალ დონეზე მიღება და მისადმი კარგი განწყობის დემონსტრირება ხდება, მაგრამ რუსეთის პატრიარქის პოზიცია და განცხადებები მაინც სრულიად გაუგებარია.

“მაგალითად, საქმე ეხება მის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერას თუ საბჭოთა კავშირის დაშლაზე სენტიმენტალურ განცხადებებს“ - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა და განაცხადა, რომ ქართველი მეფეების გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებს, ქართული მხარე მოაგვარებს. მისივე თქმით, საქართველოში უამრავი საზოგადო მოღვაწე გადმოასვენეს და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების პრობლემა არასოდეს შექმნილა. 

ქართველი მეფეების საქართველოში გადმოსვენების საკითხს, გიგი წერეთლის მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძეც დადებითად აფასებს. დეპუტატის შეფასებით, უწმინდესის ეს გადაწყვეტილება ისტორიულად სამართლიანია და ქართველი მეფეების მშობლიურ მიწაში დამარხვა, მათი სულიერი შვება იქნება. რაც შეეხება იმ საკითხს, რუსეთის ხელისუფლება უწმინდესის ამ თხოვნას შეასრულებს თუ არა, ჩახვაძე აცხადებს, რომ რუსეთმა წარმოუდგენელია ამაზე უარი რა მოტივით უნდა განაცხადოს.

დეპუტატების თქმით, ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენება, მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც, მოსკოვის შემოგარენში ქართული სამეფო დინასტიის საფლავებს ანადგურებენ. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, სოფელ ვსესვიატსკოეში, იქ, სადაც ივანე მრისხანის მმართველობის დროიდან სამეფო ოჯახის წევრებსა და დიდგვაროვნებს ასაფლავებდნენ, რუსები სამეურნეო საწყობებს აგებენ. მშენებლობა ადგილობრივი ტაძრის მსახურებმა წამოიწყეს, რომლებიც არქეოლოგების პროტესტს არ ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ კარტოფილის შესანახი ადგილი არ აქვთ. სოფელ ვსესვიატკოეში, ქართველი მეფის, არჩილ მეორის შთამომავლები არიან დაკრძალულნი. ამ ადგილზე, ქვის ტაძარი სწორედ, მათ ააგეს. იქვე, ივანე ბაგრატიონის საფლავიც იყო, რომელიც უკვე გადაიტანეს და მის ადგილას ბეტონის ნაგებობა აღმართეს.

რაც შეეხება ქართველი მეფეების ბიოგრაფიას, როგორც ცნობილია, ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყების თვალსაზრისით. ვახტანგ მეფე სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილია და იგი ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდით, ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI-ის სტამბაში, პირველად “ვეფხისტყაოსანი” 1712 წელს დაიბეჭდა. რაც შეეხება თეიმურაზ მეორეს, იგი კახეთის მეფე 1709-1715 წლებში იყო, ხოლო ქართლის მეფე -1744-1762 წლებში. ამასთან, თეიმურაზ მეფე ე.წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა “დღისა და ღამის გაბაასება” ანუ “სარკე თქმულთა”, რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა.


თეგები :