• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე

სახელმწიფო დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ - პასუხისმგებლობასაც. 

„სიტყვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის. დემოკრატია არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარების და აქ ზედმეტი კითხვები არ ისმევა. თუმცა, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად, სიტყვა „თავისუფლება“ მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც. 

ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი და სხვისი უფლებები იწყება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ უფლებით, ამ თავისუფლებით სარგებლობისას გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს, რამაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ამიტომ მაქსიმალურად, თავისთავად ცხადია, ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამას. ამიტომ, სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტებსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებს ეხება. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს.