• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ირაკლი სესიაშვილი: ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა

ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძის მოქმედებების შეფასებას არ მოახდენს, იმიტომ რომ ის არის შვილმკვდარი ადამიანი.

„მისი ემოციები მესმის და ყველა ვართ დაინტერესებული, რომ მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ორი ერთმანეთთან რამდენად თავსებადია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

რაც შეეხება იმას, რა ფორმით განვითარდება მოვლენები რუსთაველის გამზირზე, სესიაშვილის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცული იქნება.