• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილილს კანდიდატურას. სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. ყოველთვის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიდი დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში - მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე ცესკოში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. 8 სექტემბერს ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.