• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ბიძინა ივანიშვილი: 2008 წელს სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს

„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც „ნაციონალებმა“ ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით, რუსეთის ჯარმა საქართველოს ტერიტორიები დატოვა, ხოლო სააკაშვილი 2008 წელს შემოუძღვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია, მით უმეტეს არ დაიკარგებოდა 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ, ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინ წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორიები. 

მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი იმაში, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია, რომ დღეს ეს ხალხი ისევ ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.