• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

სისტემური დანაშაული: სად ინახავს მირზა სუბელიანი კომპრომატებს?

ივანიშვილის ხელისუფლებამ დიდი და შეიძლება ითქვას, პოლიტიკურად მომაკვდინებელი დარტყმა მიიღო. 

პროკურატურის მაღალჩინოსნის (რომელიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული), მისი მარჯვენა ხელისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ჩანაწერების გასაჯაროებამ „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნა. 

„თავისუფალი სუნთქვისა“ და სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსული პარტია, თავადვე აღმოჩნდა, ძალადობის, წამების, გამოძალვის, ათასი უკანონობისა და საზიზღრობის ავტორი. 

რა გავიგეთ ჩანაწერებიდან? 

აუდიო-ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სკანდალური და უკიდურესად შემაშფოთებელია. საუბარი გლდანის ციხეში შედგა და იქ, დეპუტატი და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები ღიად ჰყვებიან იმ დანაშაულობებზე, რომლებიც ბოლო წლებში დაფიქსირდა. 

მაშ ასე: აღმოჩნდა რომ პროკურატურა მოწმეებზე ძალადობს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მათ აწამებს... 

სუბელიანს ჰყავს 50 კაციანი შეიარაღებული ბანდა... 

ვანო მერაბიშვილი მართლაც გაიყვანეს უკანონოდ ციხიდან და შემდეგ ეს საქმე ჩაფარცხეს... 

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნები გამომძიებლებმა მოიტაცეს და მშობლების თვალწინ სცემეს... 

სუბელიანმა ბაჩო ახალაიას ბრალდების საქმეზე მოწმეები სცემა და აწამა ჩვენების გამოძალვის მიზნით. 

პროკურატურას არა მთავარი პროკურორი, არამედ ფარცხალაძე მართვს.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გაყალბებაში პირადად მონაწილეობს შს მინისტრი გახარია. 

შს სამინისტრომ, გახარიას დავალებით, უზრუნველყო მირზა სუბელიანის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა, მისი ციხეში ჩაჯდომის სანაცვლოდ. 

სუბელიანი ციხეში თავისი ნებით ჩაჯდა და არა გამოძიების მოთხოვნით.

დეპუტატები პატიმრების ვადამდე გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამებს იღებენ.

სუბელიანს აქვს კომპრომატები, რომლის ნაწილის გამოქვეყნების შემთხვევაშიც „რუსთაველი გაივსება და ოცნება დასრულდება“.

მოკლედ, აშკარაა რომ სახეზეა სისტემური დანაშაული, სადაც ადამიანებს აწამებს, კლავს და სცემს არა ერთეული ჩინოვნიკი, არამედ სისტემა.   

ხელისუფლების პოზიცია 

ხელისუფლება აგონიაშია. ხოლო ის, რაც პროკურატურამ გააკეთა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ცინიზმი და საზოგადოების დაცინვა. 

პროკურატურამ, „პოსტ კრიპტუმის“ შემდეგ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, თითქოს ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს დაიწყო. ეს უკვე დასასრულია. 

გარდა იმისა, რომ ფარცხალაძის დაქვემდებარებულმა პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ფაქტობრივად, ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილის რეჟიმის როგორმე „გაპრავების“ მიზნით, ყველაფერზე წავა.

ხელისუფლების წარმომადგენელთ კომენტარები კი, აშკარად იწვევს იმის ასოციაციას, რომ „ქართული ოცნების“ დაისი დაიწყო. 

მეფე შიშველია

აუდიო-ფაილიდან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მირზა სუბელიანს „ქართული ოცნების“ სისტემურ დანაშაულზე მტკიცებულებები და კომპრომატები აქვს. 

ის, წლების განმავლობაში იზღვევდა თავს და დანაშაულის შემცველ ფაქტებს აგროვებდა. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების დავალებით მოწმეებს აწამებდა და სცემდა. 

სად ინახავს სუბელიანი ჩანაწერებს? მისი გარემოცვის თქმით, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“. თუმცა, გაირკვა რომ პროკურატურის მაღალჩინოსანი, კომპრომატებს რამდენიმე ადგილას, მათ შორის უცხოეთში ინახავს, რაც შეიძლება ითქვას - მათი განადგურების ალბათობას გამორიცხავს. 

ეს კომპრომატები კი, სხვა მტკიცებულებების ერთობლიობასთან ერთად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი ხელისუფლებისათვის, რადგან ვხედავთ რომ სისტემური დანაშაულის კვალდაკვალ, ხელისუფლების პირველი პირების ანგარიშზე, სისხლის სამართლის დანაშაულის მთელი ბუკეტია, რომლის კვალი სოლოლაკის ბორცვამდე ადის.