• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რა ფარული ჩანაწერი გავრცელდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?

როგორ იქცევა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, როდესაც მათ წინააღმდეგ გარკვეული მტკიცებულებები საჯაროვდება?

წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა განწყობა გარკვეულწილად ჩამოყალიბებულია და მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილი აქვთ ვის უნდა დაუჭირონ მხარი, სხვადასხვა სახის სპეკულაციები ხდება.

ეს, გარკვეულწილად, ამომრჩეველთა აღშფოთებას იწვევს, მათ ანალიზის დრო და უნარი ეკარგებათ,  რაც გამოიხატება იმაში, რომ ან არ მიიღონ მონაწილეობა არჩევენბში ან უკიდურესად შეიცვალონ არჩევანი.

გავიხსენოთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ციხის ვიდეო-კადრები, რომელთა დიდი ნაწილი ფალსიფიცირებული და დადგმული იყო.

ასევე, ამავე არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედია - 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა და ამ თემით ქართული ოცნების ურცხვი სპეკულირება.

გადაწყვიტა თუ არა, აღნიშნულმა კადრებმა და ჩვილი ბავშვის მკვლელობამ, რომელიც რატომღაც დღემდე გაუხსნელია, არჩევნების ბედი და იქონია თუ არა, მასზე გადამწყვეტი გავლენა?  

„ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, თუმცა, რთული სათქმელია - გაიმარჯვა თუ არა საქართველომ. 


 

დღეს ამ კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს, თუმცა, კითხვის ნიშანი ისევ რომ არ დაგვრჩეს დაველოდოთ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ყველა კითხვას გაეცემა საბოლოო პასუხი.

2012 წელი - კადრებით და ბავშვის მკვლელობის სპეკულირებით მოგებული საპარლამენტო არჩევნები.

ვითარდება თუ არა, მსგავსი სცენარი დღეს?

ის,  რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ფაქტია, ამის მაგალითია ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერები - ომეგა ჯგუფის საქმე და მირზა სუბელიანის საუბრები, რომელიც სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს.

საკითხავია, ექნება თუ არა, იგივე ეფექტი ამ ჩანაწერებს, როგორც ეს  2012-ში მოხდა?

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს შავ პიარს უწოდებს, ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კადრების გასაჯაროებამ საზოგადოება დააბნია, რაც მათ არჩევნებში ჩართულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.


„სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაკავშირებულია შავ პიართან. ასე ხდება უკვე დიდი ხანია. უმჯობესი იქნებოდა კონკრეტულ თემატიკურ საკითხებზე ყოფილიყო დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.

ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რომ წინასაარჩევნოდ სხვა საკითხები იყოს განხილული - ფოკუსირება ხდებოდეს მომავალზე და ხალხს ჰქონდეს შესაბამისი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას დაამყარებს პრეზიდენტი ქვეყანაში.

დღეს, რაც არის რეალობა, ეს საერთო ჯამში გავლენას გარკვეულწილად მოახდენს ამომრჩეველთა პოლიტიკურ განწყობაზე, ვგულისხმობ ფარულ ჩანაწერებს.

როგორც ცნობილია, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, დადგინდა რომ არჩევნებში მონაწილეობას ძალიან ცოტა ადამიანი აპირებს.
მეორე მხრივ,  ასევე ჩნდება ნიჰილიზმი გარკვეული პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართაც.

შავი პიარის არსებობა აჩენს გარკვეულ ნიჰილიზმს, სწორედ ამიტომ, ამჯერადაც მოსალოდნელია დაბალი აქტივობა"- აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

საქმე ისაა, რომ ხელისუფლება აგონიაში და გაურკვევლობაშია, არ იციან როგორ გადაფარონ სისტემური დანაშაულის კლავი. 

 
ხან ჩანაწერების ავთენტურობის საკითხზე საუბრობენ, ხანაც ცდილობენ რეჟისორული ნიჭი გამოავლინონ და საუბრები დადგან. პარალელურად კი, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ  ჩანაწერების გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დაძაბვას და სპეკულაციას  ემსახურება. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ხელისუფლების რეაგირებას ფარულ ჩანაწერებზე, კატასტროფულს უწოდებს.

ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება თვალს ვერ უსწორებს საკუთარ შეცდომებს.

„იზრდება სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი საზოგადოებაში,  მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის საკუთარ არჩევანში.

ამომრჩეველი  ვერ ხედავს კანდიდას,  რომელსაც შეუძლია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც დღეს ქვეყანაშია.

ამ ჩანაწერებზე  ხელისუფლების რეგირება არის კატასტროფული,  თუმცა,  ტრადიციული. ხელისუფლება ცდილობს, რომ გადაფარვით გავიდეს ფონს და არა იმით, რომ პრობლემას თვალი გაუსწოროს.

ფეკალიების ნიაღვარი მოედინება, საზოგადოება ბუნებრივია ამით კიდევ უფრო ითრგუნება და შორდება პოლიტიკურ ელიტას.

სავარაუდოდ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იქნება, თუ ერთჯერადად არ გაიყიდა, თუმცა, მგონია, რომ გაიყიდება" - აცხადებს ხუხაშვილი. 

არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, მმართველი პარტია კი, მხოლოდ საკუთარი შეცდომების უნიჭო გადაფარვით არის დაკავებული.

ამომრჩეველს ისღა დარჩენია, დაელოდოს მოვლენების განვითარებას და მივიდეს საარჩევნო ყუთთან  - გადაწყვეტილების დასაფიქსირებლად.


თეგები :

არჩევნები 2018