• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას"

სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შენ ვერ გააცნობიერებ წარსულს, შენს შეცდომას, მაშინ შენ ხელისუფლებასთან მისაშვები არ ხარ.

"მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, ეს არის პრობლემა და ამასაც უნდა ვუთხრათ არა. თუ გვინდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, არსებული ჭაობის და გაუტანლობის ნაცვლად წარმოგვიდგინოს, რომ თუ არ იქნებიან ისინი, იქნება შფოთი, რევოლუცია და რევანში.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ ნაცად ხერხს - ხელისუფლება ცდილობს, რომ განვითარების და პერსპექტივის ნაცვლად, არსებული ჭაობის ალტერნატივად წარმოგვიჩინოს არეულობა. ეს არის პროპაგანდა და ტყუილი. ჩვენ ვხედავთ გამოგონილ საქმეებს და რიგებს პროკურატურასთან, თუმცა, ეს საქმეები იკარგება ისევე, როგორც თავის დროზე "საბურავების საქმე" და ათასი სხვა სისულელე", - აღნიშნა გიგი უგულავამ.


თეგები :

გიგი უგულავა