• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ჩანაწერი, სადაც ივანიშვილი 4 მილიონს ითხოვს - რატომ გადადო ბრიფინგი ოქუაშვილმა?

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დღეს დაგეგმილი ბრიფინგი გადადო. გადადებიდან მალევე კი გაირკვა რომ ხელისუფლებამ მის ქარხანას ამუშავების შესაძლებლობა მისცა. 

შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ კომპანიამ ვალის დაფარვის მიზნით ერთი მილიონი ჩარიცხა, სამაგიეროდ კი, მუშაობის უფლება და აქციზი მიიღო. 

ხელისუფლება ომეგა ჯგუფს 50 მილიონიან დავალიანებას ედავება. ოქუაშვილი კი აცხადებს რომ ივანიშვილმა მას 4 მილიონი ყაჩაღურად წაართვა, ფარცხალაძის მეშვეობით. 

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა სხვადასხვა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა თუ როგორ არეკეტებს ხელისუფლება ბიზნესს, სცემს ყოფილ მინისტრებს და ატერორებს ბიზნესმენებს... 

მეტიც, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონი, ქარხნის ამუშავებისა და „პრობლემის მოგვარების“ სანაცვლოდ (მან ოლიგარქის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა ბრიტანეთისა და საფრანგეთის სასამართლოებში).

სავარაუდოდ, ოქუაშვილს დღევანდელ ბრიფინგზე სწორედ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარედგინა - აუდიო ჩანაწერის სახით. 

თუმცა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მას ქარხნის ამუშავების შესაძლებლობა მისცა, ბრიფინგიც გადაიდო - გაურკვეველი ვადით.