• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

ელენე ხოშტარია: ძალიან კარგად ჩანს, რომ ცესკო არის „ქართული ოცნების“ ზეწოლის ქვეშ

„ევროპული საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, კანონმდებლობა დაიცვას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირა დღეს დანიშნოს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, არჩევნები კვირა დღეს ტარდება და ცესკო-მ კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა დაარღვიოს.

„ძალიან კარგად ჩანს, რომ ცესკო არის „ქართული ოცნების“ ზეწოლის ქვეშ და „ქართულ ოცნება“, რომელიც შეშინებულია არჩევნების შედეგებითა და ხელისუფლების დაკარგვით, ცდილობს, დისკომფორტი შეუქმნას ჩვენს ემიგრანტებს პირველ რიგში, ეს ასევე გარკვეულ დისკომფორტის შეუქმნის საქართველოში, რეგიონებში დარეგისტრირებულ ადამიანებს, თუმცა ძალიან სასაცილოა ის გათვლა, რომ ამის გამო მოქალაქეები არ წავლენ და არ მისცემენ ხმას“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისი განმარტებით, ცესკო-ს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნების შედეგები 11 ნოემბერს შეეჯამებინა, მეორე ტური კი, ორ კვირაში, 25 ნოემბერს დაენიშნა. დეპუტატის თქმით, ახლა ერთადერთი შესაძლებლობა მეორე ტურის 2 დეკემბერს დანიშვნაა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა კი, რომელზეც პირველი ტურის შედეგები უნდა შეჯამდეს, დღეს არის დაგეგმილი.