• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

თუ "შავ სიაში ხართ", შეგიძლიათ ხმა ვაშაძეს მისცეთ, მთავრობა ვალს მაინც ჩამოგაწერთ

ხელისუფლება ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს. პრემიერმა ბახტაძემ გრიგოლ ვაშაძის ინიციატივა აიტაცა და განაცხადა რომ „შავ სიაში“ მყოფ 600 ათას მოქალაქეს, რომელთა დავალიანება 2 ათას ლარს არ აღემატება, მთავრობა ვალებს ჩამოაწერს. 

ბახტაძე ირწმუნება რომ აღნიშნული ინიციატივა მეორე ტურს და პირველ ტურში განცდილ მარცხს არ უკავშირდება და 600 ათასამდე მოქალაქე ვალებისგან ახალ წლამდე გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, ვინ გახდება მეხუთე პრეზიდენტი - ვაშაძე თუ  ზურაბიშვილი. 

„მივცემ ვაშაძეს ხმას მეორე ტურში. მთავრობა კი ვალს ჩამომაწერს ახალ წლამდე. არ არის პრობლემა“, - წერენ სოციალურ ქსელში, სადაც პრემიერის ინიციატივა უკვე იქცა განხილვის საგნად. 

„თუ ვალებს ჩამომაწერენ, ზურაბიშვილი აღარ იქნება მოღალატე? თუ მაინც იქნება და უნდა დავიკიდოთ?“, - კითხულობენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და აცხადებენ რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას ვალების დაფარვის შეპირებით მოღალატეს ვერ აარჩევინებენ. 

„ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა გინდათ? ბახტაძე გვეუბნება, მერე რა რომ ზურაბიშვილი ქვეყანას ღალატობს, საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს, ჯარს შეურაცხყოფას აყენებს, ვალებს ჩამოგაწერთ და ხმები მოგვეცითო. ბითუმად უნდა ჩვენი ყიდვა ამ მოღალატე მთავრობას“, - ასეთია ამომრჩევლის დამოკიდებულება ხელისუფლების მიერ ოპოზიციისათვის მოპარულ ინიციატივაზე. 

მეორე მხრივ კი, გრიგოლ ვაშაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა რომ გამარჯვებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შავ სიაში მყოფ პირებს დავალიანება გაუნულდებათ, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც უძრავი ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული, პროცენტი გაუნახევრდებათ. 

„გარდა ამისა, ისინი ვისაც დოლარში აქვთ სესხი აღებული, მას ძველი კურსით (1.65) გადაიხდიან:“, - გრიგოლ ვაშაძის პროგრამაზე საუბრისას დაამატა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

მოკლედ, შეიძლება ითქვას რომ ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დღის წესრიგს კარნახობს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ოლიგარქი კი, ყველაფერზე მიდის. 

ამომრჩეველიც რას ჰკარგავს? შავ სიაში მყოფ 600 ათას მოქალაქეს  შეუძლია ხმა ვაშაძეს მისცეს და მთავრობას ვალებიც გადაახდევინოს. ასე, არც ლავროვის ფავორიტ ზურაბიშვილს  აირჩევს და ახალ წელსაც ვალის გარეშე შეხვდება.


×