• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ოპოზიციის 10 მთავარი შეცდომა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე იმ 10 ძირითად შეცდომაზე წერს, რომელიც მისი აზრით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მეორე ტურში დაუშვა. 

"რა თქმა უნდა, როცა პროცესი დასრულდება, მერე გაცილებით ადვილია სიტუაციის შეფასება. 

იმ მომენტში შესაძლოა სხვაგვარად ჩანდა მოვლენებიც და ვითარებაც, მაგრამ ახლა, როცა საპრეზიდენტო არჩევნები უკვე წარსულია, შეგვიძლია რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ ყურადღება. 

1. შეცდომა იყო ის რომ პირველი ტურის გაყალბების შემდეგ ოპოზიციამ არ მოითხოვა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა. ჯობდა მოგვეთხოვა დევდარიანზე უარესი ჟვანიას  წასვლა... მეორე ტური უნდა წარმართულიყო სამართლიანი პროტესტის ფონზე.

2. შეიძლება ითქვას რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლებას ინიციატივა დავუთმეთ. ისინი გვდებდნენ ბრალს და ჩვენ პასუხის გაცემის რეჟიმში ვიყავით. ფაქტობრივად, დღის წესრიგს ხელისუფლება გვკარნახობდა.

3. მეორე ტურის წინ ქოცებმა მთლიანად შეცვალეს სტრატეგია. გააქრეს ზურაბიშვილი, ააყვირეს გორჯისტანი, გააღვივეს ზიზღი და სიძულვილი, ჩვენ კი, შედარებით მშვიდად ვხვდებოდით მათ აგრესიას. მთელი მეორე ტური იმას ვამტკიცებდით რომ გრიგოლ ვაშაძე აქლემი არ არის. 

4. პირველი ტურის შემდეგ გაჩნდა განცდა დიდი ცვლილებების შესახებ. თუმცა, მეორე ტურის წინ ეს განცდა მინელდა, რადგან რამდენჯერმე ხაზგასმით ვთქვით რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და არ ვაპირებდით სიტუაციის ბოლომდე ხელში აღებას. არადა, ზუსტად საპირისპიროზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი და დიახაც, გვეთქვა მოკლედ და კონკრეტულად: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას სწრაფადვე მოყვებოდა ქართული ოცნების ოპოზიციაში გადასვლა. ამით მერყევ და საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ამომრჩეველს მივიმხრობდით.

5. მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონის გაწვევით დავკარგეთ ამომრჩეველთა ნაწილი და ჩვენც, მეორე ტურის განმავლობაში ნაკლებად ვსაუბრობდით ამ თემებზე. არადა, ამომრჩეველი გულწრფელად შეშფოთებული იყო ივანიშვილის ამ ინიციატივით და იმით რომ ოლიგარქი მარიხუანას პლანტაციების გაშენებას აპირებდა. 

6. მეორე ტურის წინ გვქონდა სამართლიანი პროტესტის გამოხატვის იურიდიული მიზეზიც - ბახტაძის მიერ 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვა, რაზეც ევროპარლამენტის დეპუტატებიც კი საუბრობდნენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, პრემიერის და ივანიშვილის ეს ინიციატივა იყო ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და სწორედ ამ მოთხოვნით უნდა წარმართულიყო პროცესი.

7. ვერ გავაკონტროლეთ საარჩევნო უბნების უმრავლესობა. ოპოზიციას სამი ათასზე მეტი უბნიდან მხოლოდ 600-მდე უბანში ჰქონდა ვიდეო-გადაღების შესაძლებლობა. ამ ამბავმა და დამკვირვებელთა სიმცირემ კი, ოცნებას არჩევნების მასობრივად გაყალბების შანსი მისცა. 

8. მეორე ტურის წინ, ყალბი პირადობის მოწმობის დაბეჭდვის ფაქტები გავრცელდა ჯერ მედიაში და შემდეგ არასამთავრობოების მიერ. დასახელდა კონკრეტული ციფრი და გვარებიც. მათ შორის წულუკიანის. სწორედ მისი გადადგომის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო  და ამისათვის გარკვეული ნაბიჯებიც უნდა გადადგვედგა. თუმცა, ჩვენ სათანადო დრო არ დავუთმეთ ამ ამბავს და წულუკიანსაც ხახვივით შერჩა ყალბი პირადობების დაბეჭდვა და კარუსელები. 

9. პირველი ტურის გაყალბების შემდეგ ყველა ტრიბუნიდან უნდა მოგვეთხოვა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა როგორმე შეგვესუსტებინა ხელისუფლების ველური ინსტიქტები.

10. ზოგადად, მეორე ტურში ხელისუფლებას მივეცით თავისუფლად და კომფორტულად მოქმედების საშუალება. შესაბამისად, გაყალბდა სამაგიდო სიები, დატრიალდა კარუსელი, მოხდა კრიმინალების მობილიზაცია, დარიგდა ნარკოტიკები, ფული და... წაგვართვეს გამარჯვება. 

P.S: ისე არ გაიგოთ რომ ვინმეს ვადანაშაულებ. აქ, ის გამოთქმა რომ "სხვა სხვის ომში ბრძენია", არ გამოდგება, რადგან ეს არჩევნები, 800 ათასამდე ადამიანთან ერთად ჩემი ომიც იყო.

მეტიც, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და საფუძვლიანადაც დაასუსტა. 

წინ, საპარლამენტო არჩევნები და ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის რეალური შანსია და აუცილებელია რომ აქედანვე შევიდეთ საარჩევნო რეჟიმში იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც ბრძოლისა და შეუპოვრობის კვალდაკვალ დავუშვით - ყველამ ერთად", - აცხადებს ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.