• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

„კალაძის დღევანდელი განცხადება სცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს და ადამიანობის ფარგლებს“

იმის ნაცვლად, რომ კახა კალაძეს იმ გაჭირვებულ ადამიანებზე ეფიქრა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება, მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

უგულავას განცხადებით, ვიდრე ისეთი ხელისუფლება იქნება, რომელიც სხვისკენ იშვერს ხელს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, მანამდე ქვეყანა წინ ვერ წავა. 

მისივე განმარტებით, 2009 წელს კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ.

„ამ დღეებში არც მე და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებდით სამძიმრის იქით რაიმე კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ვიდრე პირველადი სამუშაოებია ჩასატარებელი და ადამიანები პირდაპირ ფიზიკურ დახმარებას საჭიროებენ, არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო, მაგრამ ქალაქის მერის დღევანდელი განცხადება სამწუხაროდ, ცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, ცდება ადამიანობის ფარგლებს, სცდება სამსახურებრივ მოვალეობას. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მას იმ გაჭირვებულ ადამიანებზე ეფიქრა, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ და ბატონი კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს, რომ მათი ინსტიქტი არის მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მანამდე წინ ვერ წავალთ, მანამდე ასეთი პრობლემები ვერ მოგვარდება.

დღეს ბატონი მერისგან ვიხილეთ გაშვერილი ხელი, რომ თითქოს 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე ერთმანეთთან კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღება და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა. დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული იქ კომუნალური სერვისების შეყვანასთან და ეს სწორია.

2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ, ასეთი ადამიანი მართლაც ათიათასობით არის თბილისში, განსაკუთრებით დევნილები. ბატონ კალაძეს მინდა ვკითხო, დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ ფართს და შესაბამისად ვერ შეჰყავთ კომუნალური სერვისები, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში გაჭირვების გამო ცხოვრობს, იმას კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო? ანუ კიდევ უფრო მეტად უნდა გააღარიბო?რატომ ატყუებთ საზოგადოებას? კანონი პრობლემა არ არის, კანონის აღსრულებაა პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, უკანასკნელ წლებში არც ერთ ასეთ შემთხვევაზე გამოძიებას დამნაშავე არ გამოუვლენია, არც ერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არც ერთ კომპანიას არ გაუწევია. ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა. და თუ მაინცდამაინც ეს კანონი არ ვარგოდა, 7 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, 3 წელი ბატონი ნარმანია მერი იყო და დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია ასტრონომიულ ხელფასზე დანიშნული, მასაც შეეძლო თუ მაინც და მაინც ცვლილება იყო საჭირო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს, კანონით, ადამიანებს შეუძლიათ იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის.

„რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოვადგინოთ კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, ანუ შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.