• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

182 მილიონიანი კორუფციის საიდუმლო სქემა – როგორ მდიდრდებიან კალაძე და ივანიშვილი ხალხის ფულით

დიდი კორუფცია თბილისის მერისა და ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახის მონაწილეობით. Presa.ge-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კაბალური ხელშეკრულებითა და ივანიშვილის თანხმობით, კახი კალაძემ საქართველო 182 მილიონ ლარამდე აზარალა. 

მოპარული ფული „საშუამავლო“ და ე.წ „გამტარ“ კომპანიებში ილექება, საიდანაც ის უკვე ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის. ეს გაღარიბებული ხალხის სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან შეგროვებული ათეულობით მილიონია, რომელსაც კორუმპირებული ხელისუფლება პირადი ფუფუნებისათვის იყენებს. 

კორუფციული სქემა

ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით, რუსეთის მიერ სომხეთისათის მიწოდებული გაზის საქართველოზე გატარების სანაცვლოდ, ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს იღებდა. 

თუ ქართული მხარე სომხეთის მიმართულებით გატარებული გაზის 10 პროცენტს კომერციულ ორგანიზაციებს მიყიდდა, ბიუჯეტში საშუალოდ, წელიწადში 50 მილიონი დოლარი შევიდოდა. 

თუმცა, 2017 წელს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახი კალაძემ ივანიშვილის დავალებით არსებული ხელშეკრულება შეცვალა. 

 „საქართველო დათანხმდა „გაზპრომს“, გაზის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე“, - თქვა კალაძემ 2017 წლის 11 იანვარს.

შეცვლილი ხელშეკრულების მიხედვით კი, რუსული მხარე, სომხეთისათვის საქართველოს გავლით გატარებულ გაზში იხდის არა გატარებული აირის 10 პროცენტს, ე.ი 50 მილიონ დოლარამდე, არამედ ფიქსირებულ თანხას - 15 მილიონის ფარგლებში.  

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კახი კალაძის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული ორწლიანი ხელშეკრულებით, საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში 35 მილიონ დოლარს კარგავს, რაც 2.60 კურსის პირობებში, 91 მილიონი ლარია. ორ წელიწადში კი - 182 მილიონი.

თუ შენი ქვეყნის მტერი ან მსხვილი კორუფციის მონაწილე არ ხარ, გაუგებარია, რატომ უნდა მოგინდეს ქვეყანას ამხელა თანხა აზარალო ოკუპანტის სასარგებლოდ? 

თუმცა, სინამდვილეში, ის ათეულობით მილიონი, რომელიც კახი კალაძემ ივანიშვილის თანხმობით საქართველოს წაართვა, გასაიდუმლოებულ ე.წ საშუამავლო, „გამტარ“ კომპანიაში გროვდება, საიდანაც ფული უკვე „გაზპრომის“ აქციონერზე, კალაძესა და სხვა მსხვილფეხ-წვრილფეხობაზე ნაწილდება. 

ეს არის ე.წ  „ობშიაკი“, სადაც თავს იყრის ხალხისგან მოპარული ფული და რომლის წყალობითაც ხელისუფლების პირველი პირები მდიდრდებიან. ხოლო საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ყოველდღიურობას ვერ უმკლავდება. 

რატომ ასაიდუმლოებენ ხელშეკრულებას? 

კორუფციასა და ხალხის ფულის მითვისებას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება საჯარო არ არის. 

ივანიშვილის დავალებით, ხელშეკრულება, რომელსაც ვადა უკვე 20 დღეა ამოეწურა, ამ დრომდე საიდუმლოა. ოლიგარქი და კახი კალაძე გვიმალავენ იმას, თუ როგორ ხარჯავენ ჩვენს ფულს. 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხოლო ახალი ჯერ გაფორმებული არ არის, რუსული გაზი სომხეთში მაინც მიედინება  ჩვენი ქვეყნის გავლით და ისე, რომ ამით სარგებლობენ არა მოქალაქეები, არამედ მსხვილი კორუფციონერები. 

სწორედ კორუფციასა და ფარულ გარიგებებზე საუბრობს პარლამენტის წევრი და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძეც. მისი თქმით, „გაზპრომთან“ დადებულ კონტრაქტს იმიტომ ასაიდუმლოებენ, რომ ის კაბალურია და საქართველო ათეულობით მილიონ დოლარს კარგავს. 

„თუ რატომ მოხდა ასეთი საზიანო ხელშეკრულების გაფორმება, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება“, - მიიჩნევს დეპუტატი და ადასტურებს, რომ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა.

 პრემიერი მამუკა ბახტაძე კი გაზპრომთან არსებული შეთანხმების საიდუმლოს საგულდაგულოდ მალავს, კალაძისა და ივანიშვილის მსგავსად. 

ბახტაძის თქმით, რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა. ამიტომ, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი განცხადებით, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, ამის შესახებ საზოგდოებას ეკონომიკის მინისტრი აცნობებს. 

თუმცა, პრემიერ ბახტაძისგან განსხვავებით, ეკონომიკის მინისტრ ქობულიას წამოცდა, რომ რუსულ „გაზპრომთან“ „მოლაპარაკებების პერიოდში იმყოფება“. 

წარმოიდგინეთ, იმას, რასაც პრემიერი საჯაროდ უარყოფს, ეკონომიკის მინისტრი საჯაროდვე ადასტურებს. 

მეტიც, ქობულია აცხადებს, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იგი სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება. მანამდე კი, „ძველი ხელშეკრულება გრძელდება“. 
 
ხოლო, ვიდრე პრემიერი და მინისტრი ერთმანეთში გაერკვევიან და დალაგდებიან, ივანიშვილის ინიციატივითა და კალაძის მონაწილეობით, დიდი კორუფციული სქემა კვლავ წარმატებით მუშაობს და ოლიგარქის, მისი გარემოცვის გამდიდრებას ემსახურება ჩვენი გაღარიბების ხარჯზე.

×