• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

ნიკა მელია ზუგდიდის მერად - გენერალური რეპეტიცია ხელისუფლების სრულად შეცვლის წინ

ზუგდიდის მერის არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციიდან, სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიღებს მონაწილეობას. 

ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი იმ ქალაქში, სადაც ხალხი თავს ხელისუფლებისაგან მიტოვებულად გრძნობს.

ტესტი გაზაფხულზე

სამეგრელოს რეგიონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ოლიგარქმა მის პირად შს მინისტრს, რუსეთის მოქალაქე გახარიას ჩააბარა. 

გახარიამ, შეიძლება ითქვას რომ მეორე ტური, ზუგდიდსა და ზოგადად, რეგიონში ძალადობითა და კრიმინალების მხარდაჭერით ჩაატარა. 

მეტიც, რუსეთის მოქალაქე გახარია არ მორიდებია რუსულ სტილში ადამიანების შევიწროვებასა და „ანონიმკებს“, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა - ხელისუფლების ზეწოლის გამო ცნობილი პედაგოგი, ია კერზაია გარდაიცვალა.  

თუმცა, დიდი ალბათობით, ბატონ გახარიას, ზუგდიდის დამორჩილება ახლა ძალიან გაუჭირდება. 

გარდა იმისა რომ ზუგდიდელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, მაისში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციიდან ისეთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახარიასათვის დიდი თავის ტკივილი იქნება. 

რატომ?

ნიკა მელიას ზუგდიდთან კარგი კავშირები აქვს. ის ენმ-ისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამორჩეული ლიდერია და ხშირად შეუპოვრობის, ბრძოლისა და გამბედაობის მაგალითია ოპოზიციის მხარდამჭერებისათვის. 

ქართული ოცნების უუნარო, არაკომპეტენტური და კორუმპირებული სისტემის გამო, ზუგდიდელებმა უკვე არაერთხელ მიიღეს მწარე გაკვეთილი. 

რეგიონი დღემდე რჩება კორუფციისა და კონტრაბანდის ერთერთ ფლაგმანად და ამიტომ, თუ ზუგდიდმა მერად ნიკა მელია აირჩია (რისი დიდი შანსიც არსებობს), ცხადია, გაზულუქებულ და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მოუწევთ უარი თქვან ხალხის ფულის მითვისება-გაფლანგვაზე. 

მეტიც, ზუგდიდის მერის არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი და გენერალური რეპეტიცია ქართული ოცნების ხელისუფლების სრულად შეცვლისათვის, რომლის წინაპირობებიც უკვე ჩანს...

ყველა ერთის წინააღმდეგ

სავარაუდოდ, ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს სრულიად ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს, ევროპული საქართველოს ჩათვლით. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოჩნდება რომ ესა თუ ის ოპოზიცია ქართული ოცნების თამაშს თამაშობს და მთავარი ოპოზიციის კანდიდატისათვის ხმების წართმევას ცდილობს. 

შესაბამისად, მაისში გასამართ არჩევნებში, სადაც ზუგდიდი თავის რჩეულს აირჩევს, ამავე დროს დაიტესტება მრავალგზის გამოცდილი ფორმულა - „ყველა ერთის წინააღმდეგ“. 

„ყველა“ - ეს იქნება ხალხი, ხოლო „ერთი“ - ამ ქვეყნის ინსტიტუციური უბედურების წყარო და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.