• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

„ბატიაშვილი მკვლელია“; „მინისტრი დამნაშავეა ია კერზაიას გარდაცვალებაში და უნდა გადადგეს“

განათლების მინისტრი ბატიაშვილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შესახებ პასუხისმგებლობას გაურბის. 

თუმცა, განათლების სისტემაში არსებული ღრმა პრობლემებისა და მინისტრის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განხორციელებული რეპრესიების გამო, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, საზოგადოება და ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს.
 
„ბატიაშვილი მკვლელობის თანამონაწილეა“; 

„მინისტრი დამნაშავეა ია კერზაიას გარდაცვალებაში“; 

„ბატიაშვილი უნდა გადადგეს“;

„ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი „ანონიმკის“ საფუძველზე მოკლეს“; 

„განათლების მინისტრი მკვლელია“, - ეს ის ფრაზებია, რომელსაც ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები მეორე დღეა ბატიაშვილის მისამართით სრულიად ლეგიტიმურად იყენებენ.

განათლების მინისტრი ამ წუთებშიც პარლამენტში იმყოფება. მას არაერთ მწვავე კითხავზე მოუწია პასუხის გაცემა, თუმცა, ის სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ია კერზაიას გარდაცვალებასთან არც ივანიშვილის მახინჯი სისტემა და არც ის, როგორც ამ სისტემის წარმომადგენელი, პასუხისმგებელი არ არის. 

ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორსა და პედაგოგს, მეორე ტურის წინ, შს მინისტრ გახარის დავალებით ოცნების კოორდინატორობა და ზურაბიშვილის მხარდაჭერა შესთავაზეს. 

პედაგოგმა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმხრობისაგან თავი შეიკავა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეთავაზებაზე უარი უთხრა. 

ამის გამო, სასწრაფოდ, ბოლშევიკური სულისკვეთებით დაიწერა ანონიმური წერილი და განათლების სამინისტროში გაიგზავნა. 

მინისტრმა ბატიაშვილმა კი, „ანონიმკა“ ოპერატიულად წაიკითხა და სადამსჯელო ჯგუფი ზუგდიდში მიავლინა - შემოწმებაზე. 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი მიხვდა, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა, ამის შესახებ ხმამაღლაც განაცხადა, თუმცა, ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. 

ია კერზაიას გარდაცვალებაში ბატიაშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაშაულზე საუბრობს გარდაცვლილის შვილი, ბაჩანა შენგელიაც. 

„ბატონო მინისტრო, თქვენ დედა გყავთ?“, - ასე მიმართა მან გუშინ ბატიაშვილს და დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოკლა ცნობილი პედაგოგი ოლიგარქ ივანიშვილის სისტემამ. 

კომიტეტის სხდომაზე აწურული მინისტრი კი კვლავ უტიფრად გვარწმუნებდა განათლების სისტემაში რევოლუციური მიღწევების თაობაზე და არაფერს ამბობდა მის პირად როლზე ცნობილი პედაგოგის გარდაცვალების საქმეში. 

„აღარ ვაპირებ განათლების მინისტრად წოდებული ბატიაშვილის სერიოზულად განხილვას. არავითარი რეფორმები თუ ანტირეფორმები ჩემს მიერ აღარ იქნება შეფასებული. 

ამ კაცს მე აღარ განვიხილავ განათლების მინისტრად, არამედ დამნაშავედ, რომელიც არათუ თანამდებობაზე, თავისუფლებაზე არ უნდა იყოს. მის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი - ია კერზაიას მკვლელობა. 

სრული სოლიდარობა ივანიშვილის განათლების მკვლელი სისტემის მამხილებელ Bachana Shengeliaს. და სრული სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.

გავიდა თქვენ მიერ საქმეში გასარკვევად მოთხოვნილი ერთი თვე! ყველაფერი ითქვა და სახეზეა! სისტემამ ჩვენს მეგობარს დედა მოუკლა! ასე აღარ შეიძლება! თქვენს უხერხულ დუმილს ჩვენც იგივეთი ვეღარ შევხედავთ! ამოიღეთ ხმა ახლა ან სამუდამოდ დადუმდით!

George Mosidze
Levan Koberidze
Irina Pruidze
Gedevan Popkhadze

p.s: მოხსენით თეგები, თუ ეს რამეს უშველის. აქვე ოთხივეს გიწვევთ ამ თემაზე სასაუბროდ კვირას, 23:00, კვირის აქცენტებში“, - დაწერა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში და ბაჩანა შენგელიას იმ მეგობრებს მიმართა, რომლებიც ქართული ოცნების კვოტით პარლამენტში სხედან და ხმას არ იღებენ გახარია-ბატიაშვილ-ივანიშვილის კონკრეტული მსხვერპლის - ია კერზაიას გარდაცვალების შესახებ.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იგეგმება საპროტესტო აქციები ბატიაშვილის გადადგომისა და მისი პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.