• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის აკრძალული მეთოდები გამოიყენა“ - ეუთოს დასკვნა

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის აკრძალული მეთოდები გამოიყენა, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია, - ამის შესახებ ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაშია ნათქვამი. 

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს, მერები, გუბერნატორები და პარლამენტარები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას, თან დაჰყვებოდნენ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სააგიტაციო შეხვედრებზე. ყველა ამ ქმედებამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. ორივე ტურის დროს ამომრჩევლის მონაცემთა შეგროვებამ და პოლიტიკური უპირატესობის აღნიშვნამ, არჩევნების დღეს ამომრჩეველზე თვალთვალის ჩათვლით, გააჩინა კითხვები ამომრჩევლის პოტენციურ დაშინების და თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე, ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ კამპანიისთვის ინსტიტუციური ვებ-გვერდების გამოყენების მაგალითები და სამუშაო საათების დროს საჯარო მოხელეების მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას გარდა, დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის მიერ 600 ადამიანისთვის სესხების ჩამოწერა, ხმების ყიდვად არის მოხსენიებული. 

„მეორე ტურის წინ მთავრობის განცხადება 600 ათასი პირისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ვალის ჩამოწერის შესახებ, ასევე ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ინიციატივებიც მოქალაქეებისთვის შეღავათების უზრუნველსაყოფად, ოდირის სადამკვირვებლო მისიამ და სხვებმაც ჩათვალეს ხმების ყიდვის ფორმად. ეს პრაქტიკა იკრძალება საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.