• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

სახიფათო თამაშები: რისთვის ემზადებიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი?

ბოლო წლების საქართველოს ყველაზე წარუმატებელი და კორუფციის ბრალდებით მოხსნილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „მეორედ მოსვლას“ კვლავ აგრესიითა და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე გადაბრალებით იწყებს.

მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილს ჰგონია, რომ მთავარი ოპოზივიური ძალის მაღალი რეიტინგი წინა ხელისუფლების მიმართ ნაკლებად აგრესიული რიტორიკის ბრალია.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი  შემცირდა არა იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა ხელში ჩაიგდო ივანიშვილმა - დაწყებული ჯანდაცვის ბიუჯეტის 10 პროცენტის მითვისებით და დამთავრებული ცემენტის მონოპოლიით;

არა იმიტომ, რომ ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა;

არა იმიტომ, რომ სკოლის დირექტორს განათლების სამინისტრო სასიკვდილოდ იმეტებს პოლიტიკური შეხედულებების გამო;

არა იმიტომ, რომ ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან;

არა იმიტომ, რომ მძინარე 19 წლის ბიჭს საწოლში კლავს სუს-ი;

არა იმიტომ, რომ საქართველოს ათობით გმირი ჯარისკაცი (რომა შამათავა და სხვები) ციხეში ამოალპეს, ხოლო თათუხაშვილი მოკლეს;

არა იმიტომ, რომ ხალხი გააღარიბეს, ლარი გააუფასურეს, ინფრასტრუქტურული პროექტები გააჩერეს, ბიზნესი დაატერორეს, ცხოვრება გააძვირეს და გადასახადები გაზარდეს;

არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტად არ ვდევნით ხალხს და ნაკლებ რეპრესიებს ვახორციელებთო.

შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილის რეკომენდაციით დაბრუნებული ღარიბაშვილი, დაპირისპირების უმწვავესად გაღვივების პარალელურად, იმ ხავსის როლის თამაშსაც აპირებს, რომელსაც წყალწაღებული „ქართული ოცნება“ უნდა მოეჭიდოს.

ამ პროცესს კი, შუშის სასახლიდან დააკვირდება ჰიმალაის მთების ალპური ბალახის ძირებით დამზადებული კერძების მოყვარული და მისნობით გატაცებული ივანიშვილი - თავისი ოკულტური ქვებით, რომლებიც მას 2012 წლის შემდეგ, ზოგჯერ განბაჟების გარეშეც კი შემოაქვს სხვადასხვა სარიტუალო ნივთებთან ერთად.

სამარ ჩოკუტაევის ფაქტორი ღარიბაშვილის კარიერაში

2013 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა ვიდეო, სადაც ჯიჰადის სახელით საქართველოს ემუქრებოდნენ.

ვიდეოს შესწავლისა და ანალიზის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ის ქართული ძალოვნების მიერ იყო დამზადებული და გავრცელებული. ვიდეოს გავრცელების მიზანი კი, ავღანეთში ქართული მისიის უკან გამოწვევა და ამისთვის საზოგადოების შემზადება გახლდათ.

ამიტომ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ გამოძიების დაწყება მოითხოვა. ხოლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრალდებული ყაზახეთის მოქალაქე ვინმე სამარ ჩოკუტაევია.  

მას ფორმალურად ბრალიც წაუყენეს და ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც დაიწყეს ჩოკუტაევის ძებნა. თუმცა, უკვე დღეს, მისი გვარი ინტერპოლიდან ამოღებულია.

ეს მაშინ, როდესაც ჯიჰადის ვიდეოს გავრცელებას ავღანეთში ქართულ ბაზასთან აფეთქება მოჰყვა, რომელსაც ჩვენი სამხედროების სიცოცხლე შეიწირა.

ჰაკიმ ფაშა ფაქტორი ღარიბაშვილის კარიერაში

არანაკლებ ხმაურიანი იყო ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებიდან ამოღებული ფოტოების გასაჯაროვება და ამით სპეკულირებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები მხოლოდ პროკურატურის სეიფში ინახებოდა, ივანიშვილის ხელისუფლებამ მასალის ნაწილი ვინმე ჰაკიმ ფაშას სახელით გაავრცელა, თუმცა, ყველაფერი მალევე გახდა ცნობილი.

კერძოდ, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და პროკურორი კბილაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდნენ რომ გამოძიება ჟვანიას გვამზე ექსგუმაციის ჩატარებას გეგმავდა.

თუმცა, იმის გამო, რომ ჟვანია არავის მოუკლავს და ის მართლაც გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა (რასაც ამერიკული FBI-ის დასკვნაც ადასტურებს), რაშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც დარწმუნდა, ყოფილი პრემიერის გვამის ხელახალი გაკვეთა აღარ განხორციელდა.

რატომ? ეგსგუმაციის ჩატარების შემთხვევაში ხომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდა ბინძური სპეკულაციები ჟვანიას მკვლელობის შესახებ.

შესაბამისად, ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთული ფოტოების გამო დაწყებული გამოძიებაც უსასრულოდ გაიწელა...

ფარული ვიდეოების სკანდალი 

ღარიბაშვილსვე უკავშირებენ იმ ფარული და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებასაც, რომელიც „ქართული ოცნების“ მინისტრებს შეეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ათზე მეტი ვიდეო გავრცელდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებსა და ჟურნალისტებზე, არც ერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის.

სამაგიეროდ, პროკურატურა დღემდე წარმატებით განაგრძობს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ზოგადად, „მიუღებელ“ და აქტიურ ადამიანებს ეხება.

ღარიბაშვილის კლანი ღარიბაშვილის კარიერაში

„მეორედ მოსული“ ღარიბაშვილი, წლების წინ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ისე გაუშვეს სახლში, რომ თავად ბოლო მომენტამდე გადადგომის შესახებ არც კი იცოდა.

ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა, მაშინ, ღარიბაშვილის მოხსნის მიზეზად კორუფცია და მისი კორუმპირებული გარემოცვა დაასახელა.

წარმოიდგინეთ, ფულის გათეთრებისა და საქართველოს ყველა ინსტიტუციური უბედურების „მასტერ სპორტამაც“ კი ვერ აიტანა ის კორუმპირებული და კლანური სისტემა, რომელიც  ღარიბაშვილმა მასთან შეთანხმების გარეშე შექმნა.

თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ძალაუფლების დაკარგვის შიშმა და „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულმა რღვევის პროცესმა, ივანიშვილს ღარიბაშვილთან უთანხმოება დაავიწყა და ბოლოს და ბოლოს, გაითვალისწინა შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის, ვანო ჩხარტიშვილის თხოვნაც...

სწორედ ჩხარტიშვილია ის პირი, ვინც ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სთხოვა.

ღარიბაშვილი, წლებია უკვე ჩხარტიშვილის კომპანიაში მუშაობს და შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრს ერთგულებასაც ეფიცება.