• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

79 მილიონი ბიუჯეტიდან - რა კერძო ინტერესები აქვთ კახი კალაძესა და ბექა ოდიშარიას?

დიდი კორუფციული და კლანური გარიგება თბილისის მერიაში. სატრანსპორტო კომპანიის მიერ 2018 წლის პირველ ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი, 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვის შესახებ, საეჭვო და მოგონილი მიზეზებით ფერხდება. კახი კალაძე ცდილობს ტენდერი იმ კომპანიას მოაგებინოს, რომლის დირექტორი, ლევან გოგსაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ოდიშარიას ქვისლია. 

„პრესა.ჯი“-მ, რა თქმა უნდა, დეტალები გაარკვია და დადგინდა, რომ 79 მილიონზე მეტი ღირებულების სატენდერო შესყიდვა პირადი და შესაძლო მერკანტილური ინტერესების გამო ჭიანურდება. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისში, 220 ახალი ავტობუსი ამ დრომდე იმიტომ არ დადის, რომ კახი კალაძესა და ბექა ოდიშარიას კლანი კომპანია „ჯითი გრუპს“ ლობირებს, რომლის დირექტორი და დამფუძნებლები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. 

კორუფცია და კლანური მმართველობა 

ფულის გათეთრებაში დადანაშაულებული მერი, როგორც ჩანს, ისევ აგრძელებს საეჭვო საქმიანობას. 

ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი რატომღაც მხოლოდ იმ კომპანიების გასამდიდრებლად იხარჯება, რომლებიც აქცენტს არა ხარისხზე, არამედ, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აკეთებენ.

სავარაუდოდ, გამონაკლისი არც კომპანია „ჯითი გრუპია“. მისი დირექტორი, ლევან გოგსაძე ხომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ოდიშარიას ქვისლია, ხოლო კომპანიის დამფუძნებლები მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.

თუმცა, წესით, 79 მილიონიანი ტენდერის მოსაგებად, საჭიროა არა პოლიტიკური შეხედულებები, არამედ სატენდერო პირობების დაკმაყოფიება, პროფესიონალიზმი და დაბალი ფასი. 

ტენდერის დეტალები 

2018 წლის პირველ ნოემბერს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადდა მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების (სულ 220 ერთეული) სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 79 მილიონ 564 ათას 320 ლარით.

ელექტრონულ ტენდერში, პრეტენდენტი შპს „გრავიტა“, რომელსაც ყველაზე დაფალი ფასი დაუფიქსირდა, დისკვალიფიცირებულ იქნა სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმით - დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის გამო.

ამის შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტად დაფიქსირდა შპს „ჯითი გრუპი“.

შემსყიდველმა, სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე, „ჯითი გრუპს“ წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.

თუმცა, დაზუსტების ოქმი იყო არასრულყოფილი და მოიცავდა დასაზუსტებელი საკითხების მხოლოდ მცირე ნაწილს, რითიც თავიდანვე გამოჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიკერძოებული დამოკიდებულება შპს „ჯითი გრუპის“ მიმართ. 

ამიტომ, ოქმი, 2018 წლის 12 დეკემბერს გასაჩივრდა შპს „ინტერავტო თრეიდინგის“ მიერ - დავების საბჭოში. 

დავების განხილვის საბჭომ, 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თრეიდინგის“ საჩივარი. 

ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, 2019 წლის 8 იანვრის ოქმის საფუძველზე, „ჯითი გრუპს“ კვლავ დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა - დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გთვალისწინებით.

თუმცა „ჯითი გრუპის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები კვლავ არ პასუხობდა სატენდერო მოთხოვნებს.

თუმცა, სატენდერო კომისიამ „შეისწავლა“ წარდგენილი საბუთები და 2019 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმით მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შპს „ჯითი გრუპის“ გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და კახი კალაძის მიკერძოებული დამოკიდებულება შპს „ჯი-თი გრუპის“ მიმართ. 

თუმცა, აღნიშნული ოქმი, ასევე გასაჩივრდა „ინტერავტო თრეიდინგის“ მიერ დავების საბჭოში - 2019 წლის 16 იანვარს.  

დავების საბჭომ 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, სრულად გაიზიარა შპს „ინტერავტო თრეიდინგის“ პოზიცია და დააკმაყოფილა მისი საჩივარი. შემსყიდველი იძულებული გახდა, რომ მოეხდინა „ჯითი გრუპის“ დისკვალიფიკაცია და შესაბამისად, შერჩევა-შეფასების ეტაპი გადავიდა შპს „ინტერავტო თრეიდინგზე“.

თავის მხრივ, „ჯითი გრუპმა”, დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმი დავების საბჭოში გაასაჩივრა. თუმცა, დავების საბჭომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, „ჯითი გრუპმა“ თავისი პოზიციების აღდგენა უკანონო გზებით სცადა და შემსყიდველთან იჩივლა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კი, მისი საჩივარი წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილების გამოტანამდე ტენდერი შეაჩერა - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით.

მიუხედავად იმისა, რომ „ინტერავტო თრეიდინგმა“ წარადგინა პოზიცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ და აცნობა დავების საბჭოს, რომ ფერხდება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, დედაქალაქის ახალი ავტობუსებით მომარაგების საკითხი ამ დრომდე ისევ ჰაერშია გამოკიდებული.

„თქვენ ხომ ყველაფერი იცით. რას ქვია ტენდერი შეჩერდა? ვადები იყო მითითებული, ჩვენთან ნებისმიერი ტენდერი სრულიად გამჭვირვალეა. მე არ მინახავს სატენდერო გვერდი და ზუსტად ვერ გეტყვით, შეჩერდა თუ არა, შევრძანდით და ნახეთ, იქ ყველანაირი ინფორმაცია დევს", - აცხადებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი.

რა ხდება რეალურად? 

ეს ბიუროკრატიული პროცედურები ალბათ საინტერესო არ იქნებოდა რომ არა თბილისის მერის პირადი დაინტერესება - 220 ერთეული ავტობუსის შემოყვანა „ჯითი გრუპს“ დაევალოს. 

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული კომპანია დისკვალიფიცირებულია, კახი კალაძე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „ჯითი გრუპის“ გასამარჯვებლად აკრძალულ მეთოდებსაც არ ერიდება.

კალაძე და ოდიშარია მედიას ემალება, „ჯითი გრუპი“ დუმს. 

ხოლო 79 მილიონიანი ტენდერი ფერხდება, და თბილისელები კვლავ ძველი „ბოგდანებით“ გადაადგილდებიან.