• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

„ჩემი კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, თეა წულუკიანი მის გარეგნობას ხაზს არ გაუსვამდა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა მის მიმართ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის რეპლიკას პასუხობს, რომელმაც დეპუტატის კითხვის პასუხად მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „თინა ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და, ამავდროულად, ძალიან ლამაზი ქალია". 

ბოკუჩავას თქმით, თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია.

„გავიგეთ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, იგივე შინაარსის კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას იმ დეპუტატის გარეგნობაზე“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ბოკუჩავამ 20 მარტს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ, წულუკიანს ჰკითხა, რითი დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღით ადრე პირდაპირი ეთერით, როდესაც მან თქვა, რომ თუკი რაღაც ისე არ იქნება, როგორც მას სწორად მიაჩნია, ის თანამდებობას დატოვებს. მაშინ წულუკიანი არ გადადგა. 

თეა წულუკიანმა კი სესიაზე ბოკუჩავას კითხვა ერთხელ გამოტოვა, ხოლო მეორედ არ უპასუხა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოკუჩავა ლამაზი ქალია.