• თბილისი
  • 14°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

კალაძისა და ადიკოს კრიმინალური კლანი გურიაში - ბრძოლა წესების გარეშე

ოზურგეთში, რამდენიმე სახელისუფლებო დაჯგუფება მოქმედებს, კერძოდ, გურიაში არსებობს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილისა და თბილისის მერის, კახი კალაძის კრიმინალური დაჯგუფება. 

იქ, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და თავიანთ ძალაუფლებას არაკანონიერად იყენებენ.

რა მიზნით მფარველობენ გურიაში არსებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს კახი კალაძე და ადიკო ივანიშვილი და რატომ ხუჭავს ხელისუფლება თვალს სხვადასხვა კორუფციულ ფაქტებზე? - ამ საკითხებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ოზურგეთის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარესა  და საკრებულოს წევრს, დათო მჟავანაძეს ესაუბრა. 

- ერევა თუ არა, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილის გურიის გუბერნატორისა და მერის საქმიანობაში?

- დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ადიკო ივანიშვილი ანგარიშგასაწევი ფიგურაა. მას ძალიან დიდი გავლენა აქვს ყველა სფეროში. თუკი სადმე  მისი ინტერესი და ფულია,  ყოვლთვის ცდილობს ჩაერიოს და თემა სათავისოდ გადაწყვიტოს. 

ადიკო ივანიშვილს დღეს საქართველოში განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. 

- ხომ ვერ გაიხსენებდით კონკრეტულად რა საქმეებში ჩაერთო ადიკო ივანიშვილი?

- ის, რაც ადიკო ივანიშვილს უკავშირდება კულუარული ინფორმაციაა.

მაგალითად, კადრების დანიშვნის საკითხი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ის იღებს.

ვიცი, რომ ადიკო ივანიშვილი არაოფიციალურად განაგებს სპირტისა და სხვა მსხვილ ბიზნესს. ჩვენთან, გურიაში კი ხშირად ჩნდება იქ, სადაც ფინანსური ინტერესები იჩენს ხოლმე თავს. 

- რა კორუფციული ფაქტების შესახებ გაქვთ ინფორმაცია, რომელიც გურიაში ხდება? 

- გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსს, მურადაშვილს, ბინა საჩუქრად გადაეცა, თან თბილისის ერთერთ ცენტრალურ უბანში, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. 

არავინ არავის ტყუილად არ ჩუქნის ბინას, მითუმეტეს სამმართველოს უფროსს. ასე რომ, ეს ფაქტი მეტად საყურადღებოა. 

მეორე საყურადღებო ფაქტია ქვა-ღორღის მოპოვების საკითხი, რომელიც აქ დანაშაულებრივი მეთოდებით ხდება. პირდაპირ თანამშრომლობაში არიან ადგილობრივი ხელისუფლება და კრიმინალები ერთმანეთთან. 

სამაგიეროდ, ეს კრიმინალები აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში. 

- ვინ მფარველობს მათ ძირითადად?

- კრიმინალურ კლანებს სხვადასხვა ჯგუფები მფარველობენ, მაგრამ ძირითადად იკვეთება ადიკო ივანიშვილისა და კახი კალაძის გარემოცვა.  გურიაში, ბიზნესებს, ძირითადად, ადიკო ივანიშვილისა და კახი კალაძის კრიმინალური კლანები აკონტროლებენ. 

თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების ერთი ჯგუფი მეორეს წაეკიდა, იმის გამო რომ ერთერთ კრიმინალურ კლანს ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზია გაუჩერეს. მათ შორის დაპირისპირება დაიწყო იმ საკითხზე, რომ მხოლოდ ერთ ჯგუფს შეუჩერეს ლიცენზია და არა ორივეს. 

გურიაში ასევე მოქმედებს ილია კეჭაყმაძის კლანიც.

ხელისუფლებას კი აქვს პირდაპირი ვალდებულება რომ ამ კრიმინალებს ანგარიში გაუწიონ, რათა შემდეგ არჩევნებში მაქსიმალურად გამოიყენონ ისინი.