• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

„მოსამართლეებთან დაკავშირებით კობახიძის პროექტში პარლამენტის როლი დაკნინებულია“

„ირაკლი კობახიძის პროექტში პარლამენტის როლი არის დაკნინებული და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს გაშლილი ფრთები“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესელია იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძის კანონპროექტს შეეხება, საკმაოდ კრიტიკული იქნება.

„ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. ორივე პროექტზე ვისაუბრეთ, მე ავუხსენი თუ რატომ მიმაჩნია კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხის შემცველი. ჩვენს ვერსიაზე ძალიან დეტალურად ვესაუბრე, რომ ის გრძელი სიის პრინციპი, რაც ჩვენს მოდელში არის, ემსახურება იმას, რომ პარლამენტს რაც შეიძლება მეტი კარგი კანდიდატურა წარედგინოს და მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვისაუბრე, რომ კობახიძის პროექტის დაიწერა ექსკლუზიურად ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი. ასეთ საკითხებში კარგი გამოცდილება აქვს ევროპულ ქვეყნებს და ექსპერიმენტის ჩატარება ნიშნავს, რომ საკუთრივ ვიწრო ინტერესებისთვის იწერება პროექტი. ძალიან საინტერესო იყო მათთვის ეს ინფორმაცია. დაველოდოთ რეკომენდაციებს.

მგონია, რომ განსაკუთრებით კრიტიკული კომისია იმ ნაწილში უნდა იყოს, რომელიც ეხება ჩაკეტილ სისტემას და ხუთდონიან კენჭისყრას. ვენეციის კომისიას არაერთხელ აქვს დასკვნა გაცემული ჩვენს პროექტებზე და იმედი მაქვს, რომ ისე ნაჩქარევად არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ისევ დეკემბრის თვეში, საიდანაც გამოვაღწიეთ დიდი შიდა დუღილის შემდეგ. კობახიძის ვერსიაში პარლამენტის როლი არის დაკნინებული და იუსტიციის საბჭოს აქვს გაშლილი ფრთები. ამიტომ, პოლიტიკური კონტექსტი ერთია, მაგრამ წმინდა სამართლებრივად ის, რომ არცერთი ქვეყნის მოდელს არ ჰგავს და დაიწერა იმ ადამიანების მიერ, ვინც თავისთვის წერს ხოლმე კანონპროექტებს, ეს უკვე ცუდია ნიშანია და მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიდის“,- განაცხადა ბესელიამ.