• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

„ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი“

„რაც ჩვენ პანკისში ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონთან შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰესების წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა.

მისივე თქმით, რაც პანკისში მოხდა კატეგორიულად მიუღებელია და კანონთან შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას წყლის რესურსი ათვისებული. ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი, ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომელიც ევროპული სტანდარტით გავაკეთეთ, არასდროს გაკეთებულა საქართველოში. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი.

სამწუხაროა, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ. პანკისის ხეობაში იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ასევე მრიცხველების დამონტაჟება. იყო სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ყოველთვის ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. განწყობა და დამოკიდებულება. რაც ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. მეტი კომუნიკაცია და მუშაობა სჭირდება ამ საკითხს. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ვხედავთ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა ჰესების წინააღმდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. დღეს გვაქვს ელექტრო ენერგიის დეფიციტი, როცა გვაქვს წყლის დიდი რესურსი, უნდა მოხდეს ამის რაციონალური გამოყენება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როცა ჩვენ ჩვენი რესურსი გვაქვს. გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ გავიტანოთ აქ წარმოებული ელექტროენერგია თურქეთში და თურქეთის გავლით სხვა ქვეყნებში, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები :

კახა კალაძე
×