• თბილისი
  • 28°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

კახა კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ სალომე ზურაბიშვილს

„ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მისთვის უცნობია რა კონტექსტში გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პოზიციაა, თუ მხოლოდ თავად პრეზიდენტის, კალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნება“ არ უნდა გაიგივდეს.

„მე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ჰქვია ევროპა, ნატო-სთან თანამშრომლობა. თქვენ იცით, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც მთავარია მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკებების შედეგად, მოლაპარაკების შედეგის პროდუქტი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ თემაზე, რაზეც მკითხეთ, საუბარი და განხილვა არ ყოფილა.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ . ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები :

კახა კალაძე