• თბილისი
  • 30°C
  • 19 მაისი, 2019
article

„საია“ მოუწოდებს პარტიებს, არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა

„პოლიტიკურმა მხარეებმა ერთმანეთს უნდა მისცენ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების წარმართვის საშუალება, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალადობრივი ხერხების გამოყენებით ამომრჩეველზე მოახდენს გავლენას. ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ 19 მაისის მოახლოებასთან ერთად ვითარება უფრო იძაბება“, – ამის შესახებ „საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ბიულეტენშია ნათქვამი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.

ბიულეტენი მოიცავს იმ ფაქტების შეფასებას, რომლებიც 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა და, რომლებზეც ორგანიზაცია შეფასებისთვის საკმარის ინფორმაციას ფლობდა.

საია-ს შეფასებით, განსაკუთრებული დაძაბულობაა ზუგდიდის ოლქში, სადაც პოლიტიკური ძალების ნაწილი ორგანიზაციის განცხადებით, არ ერიდება ქმედებებს რომლებიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ანგარიშში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გია დანელიაა აღბეჭდილი.

საია-ს ბიულეტენში მოხვდა: ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში; საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება; ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტი ზუგდიდში; წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა; შს მინისტრის ბრძანება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცესკო-სთან.

ორგანიზაციის ანგაროშში საუბარია ასევე ოთხ საქმეზე, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ესენია 23 აპრილის მარნეულისა და ზესტაფონის ინციდენტები, 12 მაისის ინციდენტი სოფელ ჯიხაშკარში და ასევე, 14 მაისის ინციდენტი ზუგდიდში.

რაც შეეხება საბიუჯეტო რესურსის გამოყენებას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საია-მ გამოიკვლია იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შეტანილი ცვლილებები, სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება. საიას-ს ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სოციალურ პროგრამებში განხორციელდა ცვლილება და დაემატა 13 500 ლარი.

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის კუთხით კი, საია საუბრობს ფატქზე, როცა 14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საია-მ დააფიქსირა უფასო პოლიტიკური რეკლამის სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ სატელევიზიო მაუწყებლებში განთავსების რამდენიმე შემთხვევა, საუბარია სანდრა ელისაბედ რულოვსისა და შალვა შავგულიძის მხარდამჭერ რეკლამებზე. საია-ს შეფასებით, აღნიშნული რეკლამები წარმოადგენს სანდრა ელისაბედ რულოვსისა და შალვა შავგულიძის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 8 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. იმავე დღეს შსს-მ და ცესკო-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. საია ორივე ფაქტს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი სათანადო იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, რათა აღკვეთონ და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა, ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად, ხოლო აქამდე მომხდარი შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული პირები.


თეგები :

საია
×