• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

„ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება“

„ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება“, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ თბილისში, მოგვიანებით კი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

„ეს არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არ არის ერთი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ძალიან გაბრაზებული ადამიანების დიდი მოძრაობა, იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. ასე რომ, მათთვისაც თანამშრომლობის კარი ღიაა. გვაქვს საკმაოდ რთული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.

დღეიდან ვაპირებთ ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე მუშაობას თბილისში, ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, რომ ცვლილება არის აუცილებელი, რათა მოვიპოვთ მათი მხარდაჭერა ცვლილებებისთვის.

მარტო ჩვენ ცალკე არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ საკმაოდ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევისა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი და მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე „დრუპი“.


თეგები :