• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

კალაძემ და წულაიამ კორუმპირებული ურთიერთობები ნათესაობით გაამყარეს

სიღარიბით სავსე ქვეყანაში, თბილისის მერმა, კახი კალაძემ, რომელიც მსხვილ კორუფციულ გარიგებებთან ასოცირდება, რამდენიმე ასეული ათასი ჯვრისწერის სუფრაში დახარჯა. 

მან და მისმა მეუღლემ ჯვარი გუშინ, გრემის მონასტერში დაიწერეს და ცხადია, ამაში საყურადღებო არაფერი იქნებოდა (მათ შორის არც ადამიანისხელა ტორტი და არც უკიდურესი სნობიზმი) რომ არა თბილისის მერის კორუფციული ვნებები, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე ნათესაობითაც გამყარდა.

რატომ ბაძავს კალაძე ბერას? 

ქართულ ოცნებაში ბევრმა იცის რომ ივანიშვილს კალაძე ათვალწუნებული ჰყავს. 

სამაგიეროდ, თბილისის მერი ბაძავს ოლიგარქსა და მის შვილს - ბერას. 

მან, ბერას მსგავსად, რამდენიმე ასეული ათასი ჩაყარა ჯვრისწერის სუფრაში და იმაში, რომ სტუმრები გაეკვირვებინა იქ, სადაც 400 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს.

თბილისის მერი ივანიშვილებს თითქმის ყველაფერში ეჯიბრება - ბერას გლამურული ცხოვრებით დაწყებული და ბიძინას კლანური მმართველობით დასრულებული. ის თავს ივანიშვილის შემცვლელადაც კი მოიაზრებს.

ესეც არ იქნებოდა მნიშვნელოვანი რომ არა ერთი გარემოება: თბილისის მერი კალაძე დღეს ერთერთი ყველაზე მსხვილი კორუფციონერია და ის, ფუფუნების საგნებსა თუ ზღაპრულ სუფრებში კორუფციული გარიგებებით ნაშოვნ ფულს ხარჯავს მაშინ, როდესაც მოხუცებს წამლის ფული არ აქვთ და ახალგაზრდები სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ - საფასურის გადაუხდელობის გამო.

კალაძე-წულაიას ტანდემი

კალაძე, ივანიშვილის მსგავსად, ცდილობს რომ ოლიგარქად ჩამოყალიბდეს და რამდენიმე მილიარდის ქონება დააგროვოს, რის გამოც არც კორუფციულ გარიგებებს ერიდება და არც კრიმინალებთან ურთიერთობებს.

მეტიც: მან, ერთერთ მეჯვარედ აირჩია ადამიანი, რომელთანაც საეჭვო ფინანსური ურთიერთობები აქვს. 

ილია წულაია არქი ჯგუფის დამფუძნებელია. მისი სამშენებლო კომპანია კალაძის მიერ მინიჭებული პრივილეგიების გამო უპრობლემოდ იღებს მშენებლობის ნებართვებს, ზრდის კოეფიციენტებს და ისაკუთრებს მრავალმილიონიან ქონებას მერიისგან - ერთ ლარად. 

სამაგიეროდ, ხშირად თბილისელების ინტერესებისა და კორუფციული გარიგებების ხარჯზე, კალაძეს შეუძლია 6 ათასდოლარიანი კაბა უყიდოს ცოლს, ჰქონდეს 10 მილიონის ღირებულების მანქანების კოლექცია, წლიურად რამდენიმე მილიონი დახარჯოს ვარდებიან ქურთუკებში, “ტიგროვ” ფეხსაცმელებსა თუ ოთხბორტიან პიჯაკებში...

კიდევ ერთხელ

2011 წელს, კახი კალაძე თითქმის გაკოტრებული იყო. მასი უკრაინული ბიზნესი აღარ იძლეოდა მოგებას, საქართველოს ბიუჯეტში კი, 80 მილიონამდე ჰქონდა გადასახადი “კალა კაპიტალის” მიერ აღებული ვალდებულებების ვერშესრულების გამო. 

2011 წელს, თბილისის ამჟამინდელი მერი სწორედ ფინანსურმა კრიზისმა მიიყვანა ივანიშვილთან და ამ ნაბიჯით მან პირველი 4 მილიონი დოლარიც მიიღო ოლიგარქისგან. 

ხოლო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ივანიშვილმა მის კალა კაპიტალს დავალიანება სრულად ჩამოაწერა, რითაც თითოეულ ჩვენგანს ანუ ბიუჯეტს 80 მილიონამდე წაგვართვა. 

შემდეგ კი, კალაძემ, ენერგეტიკის მინისტრის რანგში, ელექტროენერგიის რეექსპორტით, ჰესების მშენებლობითა და კორუფციით, რამდენიმე ათეული მილიონიც იშოვა - ნოღაიდელთან და ივანიშვილის კლანთან ერთად (რეექსპორტის სქემა დღემდე მუშაობს და წლიურად 20 მილიონ დოლარს ტოვებს).

მოგვიანებით, კახი კალაძემ უკვე თბილისის მერის რანგში გააგრძელა მილიონების დაგროვება, რაც ამ მომენტამდე წარმატებით გამოსდის, სხვადასხვა მაქინაციებისა თუ მაგალითად, არქი ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭების სანაცვლოდ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი, იმის გამო რომ ივანიშვილმა კალაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი უთხრა და ზურაბიშვილზე დადო ფსონი, მას ყაზტრანსგაზი მისცეს, ხვიჩა მაქაცარიას სახით, თან ამ კომპანიას 100 მილიონ ლარამდე ჯარიმაც გაუნულეს. 

ასე რომ, ვინც ფიქრობს და ვისაც ჰგონია რომ სიღარიბით სავსე ქალაქის მერმა გუშინ იმსიგრძე ტორტი ფეხბურთელობის დროს ნაშოვნი ფულით გამოაცხო, ძალიან ცდება.

ივანიშვილის რეჟიმის კორუმპირებული ჩინოვნიკები ისედაც გაჭირვებულ ხალხს აცლიან ჯიბიდან ფულს იმისათვის რომ თავად იცხოვრონ ფუფუნებაში.