• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

„თავის გარეშე გახვალ აქედან“ - დაპირისპირება გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც იყო მონა, აგერ  ზის“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში 2 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეტა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

ამ რეპლიკას მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს მე პასუხის ღირსად საქართველოს პარლამენტში არ ვთვლი,“- მიმართა სამადაშვილმა ზარდიაშვილს.

დაპირისპირების მიზეზი სალომე სამადაშვილის კითხვა გახდა, მან უმრავლესობის დეპუტატებს ჰკითხა, რატომ არ არიან გამოშვებული ამ დრომდე დაკავებული აქციის მონაწილეები.

ვანო ზარდიაშვილმა კი დეპუტატს კითხვა შეუბრუნა და დაინტერესდა გრძნობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების დაკავებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც იყო მონა აგერ  ზის. თქვენი ხელისუფლების მონა არის ეს. ეს ბიჭი არის „ქართული ოცნების“ სახე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კი ოპონენტებს მიმართა, გაეჩუმებინათ ქალი დეპუტატები.

„კაცებო გააჩუმეთ ეს ქალი, გააჩუმეთ,"-მიმართა კარლო კოპალიანმა ოპოზიციას.

დეპუტატმა, ნინო წილოსანმა კი განაცხადა, რომ თინა ბოკუჩავა თავს მწვავე განცხადებების გაკეთების უფლებას იმიტომ აძლევს, რომ ის ქალია. მან მანდატურს მოუწოდა, შემდეგ შემთხვევაზე ბოკუჩავა გაეძევებინათ. 

კარლო კოპალიანმა რომან გოცირიძეს განუცხადა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან თავის გარეშე გავიდოდა. 

„თავის გარეშე გახვალ აქედან, ბევჯერ მოგითმინე“, - თქვა კოპალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას ითხოვს. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


თეგები :