• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

29 ივნისს, რუსთაველზე "თავისუფლების მარში" გაიმართება

შაბათს, 29 ივნისს, „თავისუფლების მარში“ გაიმართება, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

"თავისუფლების მარში თავისუფლების მოედნამდე" - თქვეს აქციის ორგანიზატორებმა და ყველას მოუწოდეს, მსვლელობას შეუერთდეს.

"შაბათს 29 ივნისს, გამოდით მთელი საქართველოდან რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე. გამოდით ყველა და ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში, რომელშიც ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მეშვიდე დღეა, პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება. თავდაპირველად მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას,  20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა. ასევე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა და ყველა დაკავებული გათავისუფლდა.  

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.


თეგები :