• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ? მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად"

მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა მელიას შეფასებით, საზოგადოების განწყობების ცვლილებების შესაბამისად, რაშიც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმაც, ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკავება ვერ გაბედა.

„ბიძინა ივანიშვილი იმ საფრთხეების წინაშე დადგა, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც გააკეთებინა ამ ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს მოსამართლე არის კოლეგიის თავმჯდომარე და ჩინჩალაძის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატმა, გუშინ, დილის 9 საათიდან რა არ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარების გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, რომ უამრავი მტკიცებულება არისო და ეს ყველაფერი რომ გაიწელა დროში და ყველამ გაიგო რასთან გვქონდა საქმე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური. მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, დაგაჩოქათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ. მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები :