• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

გიორგი გახარია: წასვლა პრობლემა საერთოდ არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია

„წასვლა პრობლემა საერთოდ არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ 20 ივნისს მშვიდობიანი აქცია მხოლოდ საღამოს 10:00 საათამდე მიმდინარეობდა, ხოლო შემდგომ პროცესმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„რაც შემეხება მე, პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ, პრობლემა არ არის. გადადგომა ყველაზე მარტივია. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ ვუყენებთ იმას, რაც სამწუხაროდ, 20 ივნისს მოხდა თბილისში. ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10:00 საათამდე. ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა დროს. მაგრამ 10:00 საათის შემდეგ ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების მიერ პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა, აქ არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი, დავადანაშაულოთ. მათ კანონი არ დაურღევიათ, ყველა ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული.

შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია. პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი, დაიცვა სამოქალაქო წესრიგი და კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა, რასაც შემდგომ, რასაკვირველია, კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა“, - განაცხადა მინისტრმა.


თეგები :