• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო“

„უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის - „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციის განაცხადა.

„2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე გადაიდგა პრინციპული ნაბიჯი და შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში და 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

აღნიშნული ცვლილება იყო საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, დემოკრატიულ განვითარებას.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადობრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.


თეგები :