• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

აშშ-ის ელჩი: საქართველო არის ძლიერი, უდრეკი ქვეყანა

"საქართველო არის ძლიერი, უდრეკი ქვეყანა. მას მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მრავალი პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ახლა დგას. ამერიკის საელჩოში ყველა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ იმით, რომ ზაფხულს აქ, საქართველოში გავატარებთ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩამოვიდნენ და გაატარონ ზაფხული საქართველოში!", - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება მიმდინარეობს. მიღებას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი.

"ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღევანდელი საღამოს აღნიშვნა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი. განსაკუთრებული პატივი და სიამოვნებაა ამ დღის აღნიშვნა ამერიკის მეგობრებთან და სტუმრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძესთან ერთად. დღესვე ვზეიმობთ აპოლო 11-ის მისიის 50 წლისთავს. ამ მისიამ ადამიანი მთვარეზე დასვა. ეს წლისთავი შეგვახსენებს იმ საოცრებებს, რისი მიღწევაც ერებს შეუძლიათ, როდესაც ისინი არიან თავისუფალი და დემოკრატიული და როდესაც ისინი მუშაობენ ერთად. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ერთობლივი გამოწვევების წინაშე", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება.


თეგები :