• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მივესალმები“

„ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მხოლოდ მივესალმები“, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერია მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

„არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, ნებისმიერ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელიც ფუნდამენტურად დგას თავისუფალი სამყაროს, პროდასავლური კურსისა და ქვეყნის შიგნით პერსონალური თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მხოლოდ მივესალმები.

მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი გუნდი – „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები, „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ გუნდი, ვისაც შეუძლია, ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას, პატარას თუ დიდს, ძველსა თუ ახალს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები აქვთ, მივესალმებით და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით, შესაძლოა თუ არა, მამუკა ხაზარაძის ახალ ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

„მათი ურთიერთობის გამო? არ მიყვარს ვარაუდების გამოთქმა, ბატონი კვირიკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე ან შეხედულებებზე, თუ მან ფერი იცვალა და ღირებულებები ახალი აქვს, არაფერი ვიცი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.


თეგები :