• თბილისი
  • 35°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

„როდესაც თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც 95% მხედველობა დაკარგა“

შინაგან ს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 ივნისის ღამეს დაფიქსირებულ ცალკეულ გადაცდომებს პროკურატურა იძიებს, - ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი, რომლებმაც შეასრულეს ფუნქცია, თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვეს სახელმწიფო ძალადობისგან და ინსტიტუციონალური ჩამოშლისგან. ჩვენი სტანდარტი იქნება, რომ ეს არის მიღწევა, შედეგი, ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება და არა გაქცევა. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ამ ღონისძიების დროს ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და პროპორციული. იყო გარკვეული შემთხვევები და კონკრეტული შემთხვევები ძალის გადამეტების, რომელსაც, მინდა გაგახსენოთ, რომ იძიებს გენერალური პროკურატურა, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელზეც გიორგი გახარიას- შინაგან საქმეთა მინისტრს არანაირი ზეგავლენა არ აქვს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მისი ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა.

„პირველივე დღიდან ამას ვამბობდი. მე, რა თქმა უნდა, გავეცი ეს ბრძანება და გავეცი კონსტიტუციის, კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. პოლიციას, მაშინ როდესაც ის იძულებული გახდებოდა, გამოეყენებინა ყველა შესაბამისი სპეციალური საშუალება“,- განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარია წამყვანის რეპლიკასაც გამოეხმაურა საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულები შესახებ.

„უფლება გაქვთ კი არა, ვალდებული ხართ იყოთ მსგავსად ემოციური. ასევე მინდა გითხრათ, როდესაც ერთ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად 95% მხედველობა დაკარგა და ეს ადამიანიც რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს“,- განაცხადა შს მინისტრმა.


თეგები :