• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგი, სამინისტროდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას იწყებს - „ყველას განცხადებები დააწერინეს“

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკა ტიკარაძე, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგია, რეორგანიზაციას აცხადებს და თანამშრომელთა მასობრივი ჩანაცვლებისათვის ემზადება.

სერგეენკოს შემცვლელის ბრძანებით, სამინისტროს თანამშრომლებს უკვე დააწერინეს განცხადება, ნებაყოფლობით სამსახურიდან წასვლის შესახებ. 

ეს კი იმის წინაპირობაა რომ ტიკარაძე თანამშრომელთა გაშვებას აპირებს და სერგეენკოს კადრებს იშორებს.

კერძოდ: ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულმა ივანიშვილის ოჯახის პირადმა სტომატოლოგმა, 24 ივლისს გამოსცა ბრძანება უწყების სრული რეორგანიზაციის თაობაზე.

რეორგანიზაცია ეხება როგორც სამინისტროს აპარატს, ისე დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე უწყებაში ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შესაძლოა სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება მოხდეს.

რატომ გაუშვეს სერგეენკო?

მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილის ერთერთი ფავორიტი მინისტრი მოხსნეს, c ჰეპატიტის სამკურნალო უძვირესი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვაა, რომლის შესახებაც დონორმა ქვეყანამ გაიგო და პრემიერ ბახტაძეს, ამერიკაში ვიზიტისას ჯანდაცვის მინისტრის გაშვება მოსთხოვა. 

დიდი და სკანდალური კორუფციული სქემის არსებობის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში ახლა გამოძიებაც კი მიმდინარეობს, თუმცა, რატომღაც "ეჭვმიტანილების" გარეშე.

მედიკამენტ "ჰარვონის" ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება. 

პრეპარატს მისი მწარმოებელი კომპანია საქართველოს საჩუქრად უგზავნის.

წესით, კლინიკიდან მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, "ფანჯარა" მაინც არსებობს...

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მჭირდო კავშირი აქვს, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. 

სერგეენკოს გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, მინისტრთან შეთანხმებით, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ ბაზარზე ყიდდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში.

მეტიც, კორუფციისა და უძვირესი მედიკამენტების გაყიდვის მიზნით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროში "ჰარვონის" მარაგები ჩამოიწერა. 

უწყებამ შეადგინა დოკუმენტი, სადაც ჩაწერა რომ მედიკამენტს, რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი დოლარია, ვადა გაუვიდა. 

"სინამდვილეში, "ჩამოწერილი" მედიკამენტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიტანეს და გაყიდეს. საუბარია მილიონებზე", - გვიყვება წყარო ჯანდაცვის სამინისტროდან. 

c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტებს ანტიკორუფციული სააგენტო დღემდე სწავლობს. თუმცა, შედეგის გარეშე...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკომ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჩამოწერა.

სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის "ვადაგასული" ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა კი დაიწყო, მაგრამ ვერ თუ არ დაასრულა...

ეს მაშინ, როდესაც სუსი დღემდე იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის იმას, ხდებოდა თუ არა, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებული ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა, მისი გაყიდვის მიზნით.

სწორედ ამ ამბავს გადაყვა სერგეენკო, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი, საჩხერის საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი, ეკა ტიკარაძე დაინიშნა.