• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

ჩხუბი ივანიშვილსა და ოქრიაშვილს შორის - დიდი არეულობა ქართულ ოცნებაში და მოსალოდნელი რეპრესიები

ქართულ ოცნებაში დიდი არეულობა და დაპირისპირებაა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოცნების წევრები ერთმანეთს სულ უფრო მწვავედ უპირისპირდებიან. 

ამჯერად, ქართული ოცნების კულუარებში მომხდარი კიდევ ერთი ეპიზოდის შესახებ მოგაწვდით ექსკლუზიურ ინფორმაციას. 

ივანიშვილი VS ოქრიაშვილი 

არც თუ დიდი ხნის წინ, უმრავლესობის ნაწილი ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილიც, რომელსაც ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ უსაყვედურა. 

ოლიგარქის საყვედური მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით, კიდევ უფრო მწვავე გაგრძელება მოჰყვა...

ივანიშვილმა, ოქრიაშვილის მისამართით თავდაპირველად იმის გამო გამოთქვა საყვედური რომ მან 93 მორჩილი დეპუტატისგან განსხვავებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. 

ოლიგარქის ამ საყვედურს ოქრიაშვილმა ვრცლად უპასუხა და ახსნა, თუ რატომ არ მოიქცა ისე, როგორც 93 მორჩილი დეპუტატი, რასაც უკვე სხვების გაღიზიანებაც მოჰყვა მისი მისამართით...

შეიძლება ითქვას რომ კახა ოქრიაშვილს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ივანიშვილმა მას ისიც შეახსენა, თუ როგორი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ბიზნესსა და პოლიტიკას...

მეორე რაუნდი 

ახლახანს კი, ოქრიაშვილს კვლავ გაურჩია საქმე რუსული მენტალიტეტის მქონე ოლიგარქმა, რომელიც ხშირად ითავსებს მოსამართლის, პროკურორისა თუ ე.წ. კანონიერი ქურდის როლს - იბარებს რა თავის რეზიდენციებში ამა თუ იმ დაპირისპირებულ კლანს, ჯგუფს და გამოაქვს „განაჩენი“.

გამონაკლისი არც კახა ოქრიაშვილი აღმოჩნდა. დეპუტატი ბიზნესმენი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე ისკუპა ქართულ ოცნებაში, ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. 

დიდი ალბათობით, ის საპარლამენტო სხდომების განახლების შემდეგ ღიად დაუპირისპირდება ქართულ ოცნებას და მმართველ გუნდთან თანამშრომლობას შეწყვეტს. 

ერთერთი ვერსიით, კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის გუნდს უმიზნებს, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხაზარაძე ჯერ ფიქრობს...

დაიწყება თუ არა, გამოძიება ოქრიაშვილის ირგვლივ?

გამორიცხული არ არის რომ კახა ოქრიაშვილს ივანიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი რეპრესიული მანქანაც დაუპირისპიროს.

ხელისუფლების შენარჩუნების აკვიატებული იდეით შეპყრობილი ოლიგარქი სწორედ სუსის, პროკურატურისა თუ პოლიძიის ძალით ებრძვის ოპონენტებს ან პოტენციურ ოპონენტებს. 

ამის საილუსტრაციოდ, ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ბიძინა გეგიძის წინააღმდეგ სუსში დაწყებული გამოძიებაც გამოდგება. 

ივანიშვილი მას იქამდე დაუპირისპირდა სუსის სახით, ვიდრე გეგიძე ოფიციალურად გახდებოდა ქართული ოცნების პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

ამიტომ, შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, სწორედ ოქრიაშვილი (ან მისი კომპანია პსპ) იქნება, რომელსაც სამწუხაროდ, ღიად საუბარი არ სურს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


თეგები :

ოქრიაშვილი