• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

გავრილოვი: ვიმედოვნებ, ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს

„ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილების შეფასებისას აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული. 

„ვიმედოვნებ, საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ გზით შეძლებს კონფლიქტის მოგვარების გარანტიის გაცემას.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.


თეგები :