• თბილისი
  • 8°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

„ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც თავადაა 20 ივნისის ამბების გამო.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც მათ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა საუბარი პირველ რიგში მათ ამომრჩევლებთან. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ როდესაც მოდელირებული რეალობით ცდილობს ნაციონალური მოძრაობა დღეს რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიციელები და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ.

რა თქმა უნდა, სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ორი ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და დაინახოს – სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :