• თბილისი
  • 8°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომურის კითხვა წაიკითხა.

მაკო გომური კითხვას სვამს, რატომ არიან დღეს აქციის მონაწილეები ციხეში და რატომ არის თავისუფალი პირი, რომლის გამოც მან აქციაზე თვალი დაკარგა.

„მინდა, წავიკითხო მაკო გომურის კითხვა, რომელმაც მთხოვა, რომ რადგანაც მას არ აქვს საშუალება დაგისვათ ეს შეკითხვა, უბრალოდ მინდა წავიკითხო ამ შემთხვევაში. ჩემთვის ნამდვილად სასურველი იქნებოდა, სხვას გაეკეთებინა ეს, მაგრამ მიწევს ამ კითხვის წაკითხვა.

რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი. თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა. გული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ფრაქციის სხდომაზე.

წერილის პასუხად გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ეს კითხვა არ არის, ეს შეფასებაა. მადლობა“.

კითხვაზე, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც სხდომაზე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა და რატომ უწოდა მას შეფასება, გახარიამ განაცხადა, რომ მაკო გომურს შეკითხვებზე პირადად გასცემს პასუხს.

„არ მოგვეცა საშუალება. ეს იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება, და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.


თეგები :