• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს“

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს“, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.

ფილიპ რიკერი დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელთან და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდა. აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზა – ახმაჯის ბაზა მდებარეობს. 

რიკერი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. მან ადგილზე ჩასული დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება დიდ შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც მათ მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებული ქმედებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და უკან გაიწვიოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ მოვუწოდეთ, შეწყვიტონ საქართველოს ოკუპაცია და დაემორჩილონ 2008 წლის შეთანხმებას.

ევროპის ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, ოკუპაცია დასრულდეს. მით უმეტეს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. აქ მცხოვრებ ხალხს გადაადგილების კუთხით პრობლემები ექმნებათ და საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოსთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს შემაშფოთებელია.

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავლენის გავრცელების ტაქტიკა დიდი ხნის წინ გამჟღავნებული მოვლენაა. ამავე ტაქტიკის დასტურია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აშენებული სამხედრო ბაზაც, რომელიც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ამ ადგილიდან. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ რუსეთის დროშა ფრიალებს. 2008 წლიდან დღემდე რუსეთი ოკუპაციის ხარჯზე გავლენის სფეროს გაფართოებას ცდილობს საქართველოში. იმავე პროცესს ვხედავთ უკრაინაშიც და ცხადია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთი მისი უკანონო ქმედებებით ცდილობს, შეარყიოს ის, რასაც სტაბილური და მშვიდობიანი ევროპა ჰქვია“, - აღნიშნა რიკერმა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. რიკერმა განმარტა, რომ საქართველოში ჩამოსვლა და ახალ პრემიერთან შეხვედრა მას თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაავალა.

 

 


თეგები :