• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

ვოლსკი და მისი ბიზნესპარტნიორი რეკრეაციულ ზონაში სამ სართულიან კომპლექსს იშენებენ - ვერტმფრენის დასაჯდომით

სამსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი სასტუმროს ნომრებითა და ვერტმფრენის დასაჯდომით - რეკრეაციულ ზონაში. ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკისა და ექიმ დიმიტრი ტვილდიანის ერთობლივი ბიზნესია სიღარიბით, კორუფციითა და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში. 

კომპლექსი სარფისა და კვარიათის საზღვარზე, კალენდერეს უბანში შენდება იმ ადგილას, საიდანაც ხედი პირდაპირ ზღვაზე იშლება.

ფორმალურად, ფეშენებელურ კომპლექსს სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი აშენებს, რეალურად კი, მის უკან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი დგას. ტვილდიანი და ვოლსკი თითქმის ყოველ წელს ერთად ისვენებენ კვარიათში. 

პროექტის მიხედვით, შენდება თანამედროვე ტიპის სამსართულიანი შენობა. პირველ სართულზე იქნება პარკინგი, მეორეზე კაფე, მესამეზე კი, სასტუმროს ნომრები.

მშენებლობა უკანონოდ დაიწყო

საჯარო რეესტრში იძებნება მიწის ნაკვეთი, რომელიც დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაირეგისტრირა აუქციონის წესით.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ნაკვეთი 2670 კვადრატული მეტრია და ის ტვილდიანის საკუთრებაში 2017 წლის მარტში გადავიდა - ზონა 5, სექტორი 36, კვარტალი 26, ნაკვეთი 458. 

თავდაპირველად, ტვილდიან-ვოლსკის ერთობლივი ბიზნესი უკანონო იყო. 

კერძოდ: პირდაპირ რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა ისე დაიწყეს რომ ამისათვის საჭირო ნებართვაც კი არ ჰქონდათ.

თუმცა, უკანონო მშენებლობისათვის, ხელვაჩაურის ზედამხედველობის სამსახურმა, ტვილდიანი, რომელიც ფორმალურად უდგას ამ პროექტს სათავეში, მხოლოდ რამდენიმე ასეული ლარით დააჯარიმა და მალევე დააწია მშენებლობის ნებართვაც, დიდი ალბათობით, ვოლსკის გავლენით. 

„ყველამ იცის რომ ეს უკანონო მშენებლობა ვოლსკის თანხმობით დაიწყო. მრავალფუნქციური კომპლექსი კი, ბატონ დიმა ტვილდიანთან ერთად, გია ვოლსკის ეკუთვნის. ამის შესახებ აქ ბევრი საუბრობს“, - ამბობს ერთ-ერთი მცირე სასტუმროს მფლობელი კვარიათში.

გია ვოლსკისა და დიმიტრი ტვილდიანის შესახებ სმენია ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს სარფსა და გონიოში, ქენან კახაიძესაც. 

„დაწვრილებით ვერ გეტყვით, კონკრეტულად, რომელი დეპუტატი ან ჩინოვნიკი ფიგურირებს ამ ბიზნესში. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ, იქ პრეზიდენტიც იყო მისული”, - აცხადებს ქენან კახაიძე. 

ვინ არის დიმიტრი ტვილდიანი? 

დიმიტრი ტვილდიანი ექიმია. ის სამედიცინო ბიზნესს ფლობს თბილისში. კერძოდ, მისი საკუთრებაა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.

დიმიტრი ტვილდიანი სამედიცინო წრეებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად და გია ვოლსკის ახლო მეგობრად ითვლება.

ტვილდიანის სამედიცინო ცენტრში მრავალი მცდელობის მიუხედავად ბატონ დიმიტრისთან არ დაგვაკავშირეს და გვითხრეს, რომ „ამჟამად ამერიკაში იმყოფება“. 

რაც შეეხება ვოლსკის, ის ტვილდიანთან ახლო მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ფეშენებელურ კომპლექსთან კავშირს უარყოფს.

პრესა.ჯი: ბატონო გია, იცნობთ დიმიტრი ტვილდიანს? მასთან ერთად აშენებთ სასტუმრო კომპლექსს კვარიათში?

გია ვოლსკი: დიმიტრის კარგად ვიცნობ, ვმეგობრობთ.სასტურო კომპლექსს არ ვაშენებ და ზოგადად, არაფერს ვაშენებ. ქონება დეკლარირებული მაქვს და რამეს რომ ვაშენებდე, აუცილებლად მივუთითებდი! ვცხოვრობ თბილისში, სამ ოთახიან ბინაში.

- რასაც სარფსა და გონიოში ამბობენ, ის გკითხეთ... იცით ამ მშენებლობის შესახებ?

- კი. აშენებს, კარგს...

P.S: ვოლსკის მიერ გონიო-კვარიათში სასტუმრო კომპლექსის შესახებ გუშინ პირდაპირ ეთერში ისაუბრა ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამაც. მისი თქმით, ადგილობრივები ამბობენ რომ მშენებარე კომპლექსი ვოლსკის საკუთრებაა.


თეგები :