• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

ანდერს ფოგ რასმუსენი: გთავაზობთ, გავიდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გარშემო შექმნილი ჩიხიდან

„გთავაზობთ, გავიდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გარშემო შექმნილი ჩიხიდან“, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს შეუძლია, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანება არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიების მეხუთე მუხლით დაფარვის გარეშე. ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“, - წერს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.


თეგები :