• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი შტეფან შტაინლაინი, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იოჰანეს კარსი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი თომას ბაგერი, პოლიტიკური დირექტორი იენს პლიოტნერი, პრეზიდენტის პირადი ბიუროს ხელმძღვანელი დიორთე დინგერი, პრეზიდენტის სპიკერის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი ნატალი კაუთერი ესთერ ულეერი.

საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.


თეგები :