• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

„ფაქტობრივად, 2 წლით გადავავადეთ ანაკლიის მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

„გუშინ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებისთვის, რომ არ წარედგინათ სამინისტროსთვის როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან მიღწეული წერილობითი შეთანხმებები სესხის მობილიზების ნაწილში. ფაქტობრივად, გუშინ სამუშაო დღე დასრულდა ისეთი სახით, რომ კონსორციუმმა არ შეასრულა თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით, 15 ოქტომბრით დადგენილი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება. გადავწყვიტეთ, მივცეთ დრო წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რათა შეასრულოს სრულად ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით. წლის ბოლომდე მოახერხოს როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე ბანკებთან 400 მლნ დოლარის მოზიდვის მხრივ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ბოლო შესაძლებლობა კონსორციუმისთვის, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ბოლო შანსი.

„მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვალდებულების შესრულების ვადის კიდევ გახანგრძლივებას ადგილი არ აქვს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვახანგრძლივებთ ვადას. ვადა იქნა გახანგრძლივებული 2019 წლის ივნისში, როდესაც კონსორციუმს დრო წლის ბოლომდე მივეცით. გახანგრძლივებითაც გვქონდა შუალედური ვალდებულება და ვადა დადგენილი 15 ოქტომბერს, რომელიც ვერ შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე შეთანხმებით ჩვენ გვქონდა უფლება, ამ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაგვეწყვიტა ხელშეკრულება, გადავწყვიტეთ, ამ უფლებით არ ვისარგებლოთ. ამდენად, ახლა გადავადებას კი არ აქვს ადგილი, არამედ ადგილი აქვს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულების მოშლა არ მოხდეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

გუშინვე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

მოგვიანებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმს მთავრობისთვის პროექტთან დაკავშირებით წინადადება უკვე წარდგენილი ჰქონდა და გუშინ არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.