• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაიშუროს ძალისხმევა ცხინვალის იზოლატორში არსებული ვითარების გამოძიებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხმიანება.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, „როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა“.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

„წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე  სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს რათა მაქსიმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  უმძიმესი მდგომარეობის შესახებ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში.

„ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო  უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან  ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმართა ცემისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ უკვე არიან ინფორმირებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები.


თეგები :