• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

იუსტიციის საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად მიმართა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად 1-ელ ნოემბერს მიმართა.

იუსტიციის უმაღლლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საკითხის ინიცირებისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტისადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც.

ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს საბჭოს 11 წევრი, ხოლო აღნიშნულის შესახებ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და მხარდაჭერა არ გამოთქვა ორმა არამოსამართლე წევრმა: ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საბჭოს წევრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით 2018 წელს დაინიშნა.


თეგები :