• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

„თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ. მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა“

„შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ. მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მოსმენა მიმდინარეობს.

გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხვების დასასმელად მისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს კითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე კოსმოსური ხომალდი ან ინტერნეტი. ამასთან, მან კანდიდატს შეახსენა, რომ თუკი არ ეთანხმება, ის ამას ინანებს, რადგან ეს მოსაზრება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და მიუთითა, რომ ის ჯერ შალვა თადუმაძეს ეპატიჟებოდა რესტორანში და ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, ჩანს, რომ რომან გოცირიძე ქართულ სუფრას პატივს არ სცემს.

„ბატონმა ანრიმ დაიცვა შალვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ სუფრას პატივს არ ვცემ და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და ახლა რა დაგემართათ? ოხუნჯობის ხასიათზე რამ დაგაყენათ?“ - მიმართა ოხანაშვილმა გოცირიძეს.


თეგები :