• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ივანიშვილი: როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო

„ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო“, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა.

„შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება.

როგორც უკვე განვაცხადე, აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“ ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიმე კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, პირველი რიგში, ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინ იყო განთავსებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რომ სახელმწიფო მზად იყო, ძველი საავადმყოფოს ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცა მისთვის, ვინც მაგიერ საავადმყოფოს ააშენებდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ამ შეღავათით არ ისარგებლა, ახალი საავადმყოფოც ააშენა და მიწაშიც საბაზრო ფასი, 3 მილიონ 485 ათასი ლარი გადაიხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს: „ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ. ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება“.